გაერთიანებული სამეფოს ხუთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებენ, დართოს უკრაინას ნება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი ბრიტანული რაკეტები Storm Shadow რუსეთზე დარტყმებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას აშშ მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ გამოცემა Sunday Times-ი წერს.

ყოფილი პრემიერი ჯონსონი, ასევე ყოფილი მინისტრები – გრანტ შეპსი, ბენ ულესი, გევინ უილიამსონი, პენი მორდაუნტი და ლაიამ ფოქსი აფრთხილებენ სტარმერს, რომ ნებისმიერი შეყოვნება წაახალისებს რუსეთის პრეზიდენტს.

უოლესის თქმით, თუ ზომები ახლავე არ იქნება მიღებული, ბრიტანეთი ამით კრემლს დაამშვიდებს. უილიამსონმა იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესებას მოვალეობის შეუსრულებლობა უწოდა, ბორის ჯონსონმა კი აღნიშნა, რომ შეყოვნებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

პარასკევს კირ სტარმერმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებები გამართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილებოდა პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა, დართოს კიევს ნება, დასავლური შეიარაღება რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს. თუმცა შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემირ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებიათ. როგორც ბრიტანული მედია წერს, ბაიდენმა და მისმა გუნდა მიანიშნეს ბრიტანეთის მთავრობას, რომ სურთ, დაელოდონ ზელენსკის მიერ „გამარჯვების გეგმას“ წარდგენას.