ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბირთვული შეიარაღების ახალი რბოლის წინააღმდეგ გამოდის. პედრო სანჩესის განაცხადებით, აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ სანჩესმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„გთხოვთ, თავიდან აიცილოთ შეიარაღების ახალი რბოლის დაწყება, ვიდრე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – თქვა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ბირთვულ შეიარაღებაში ინვესტირების ნაცვლად აუცილებელია ღირებულებების მხარდაჭერა. სანჩესის განცხადებით, ბირთვული გადაიარაღება არავის დაიცავს პუტინის აგრესიისგან.

სანჩესმა დაასახელა კონკრეტული ციფრები და თქვა, რომ სახელმწიფოები ყოველ საათში 11 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ ბირთვულ იარაღზე.

„მხოლოდ აშშ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბირთვულ იარაღზე 946 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ეს თანხა საკმარისია მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა სანჩესმა.

სანჩესმა თავისი პოზიციის გასამყარებლად რონალდ რეიგანის სიტყვები მოიყვანა: „ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია“.

სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჩერების აუცილებლობას.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შემაკავებელი შესაძლებლობები, მაგრამ მოდით, ეს გავაკეთოთ კოორდინირებული და მიზანმიმართული გზით, რომლის კონტროლიც შეგვიძლია. მოდით, შევქმნათ ნამდვილი ევროპული არმია, არა ათ წელიწადში, არამედ ახლავე. ესპანეთი ყველა საჭირო რესურსს გამოყოფს“, – თქვა სანჩესმა.

ცნობისთვის, სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 თებერვალს ამოიწურა და არ გაგრძელებულა.

1tv.ge