ბილ გეიტსმა მრავალწლიან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მომავალი საშობაო არდადეგებისთვის რეკომენდებული წიგნების სია გამოაქვეყნა. გეიტსმა ხუთი წიგნი შეარჩია, რომლებიც, მილიარდერის განცხადებით, „ნათელს მოჰფენს იმას, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში რაღაც მნიშვნელოვანი“.

Microsoft-ის დამფუძნებლის რჩეული წიგნების სიაში უმრავლესობა არამხატვრული ჟანრისაა – თემატურად ისინი შეეხება როგორც პოლიტიკასა და მეცნიერებას, ასევე გვთავაზობს ბერი დილერის მემუარებს, სახელწოდებით Who Knew-ს, რომელსაც, გეიტსის შეფასებით, სხვა ბიზნესმემუარებისგან მისი „გულწრფელობა“ გამოარჩევს.

ბილ გეიტსის მიერ რეკომენდებულ წიგნებს შორისაა თანამედროვე ამერიკელი მწერლის, შელბი ვან პელტის Remarkably Bright Creatures-ი, რომანი, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერების სიაში იყო. ნაწარმოები ქვრივის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წყნარი ოკეანის რვაფეხასთან ერთად, თავისი შვილის გაუჩინარების ამბავს იკვლევს. Netflix-ი მომავალ წელს ვან პელტის წიგნის ეკრანიზაციას გეგმავს. 70 წლის ბიზნესმენმა ნაწარმოებს „ცხოვრების შემდეგი ათწლეულის დაწყების იდეალური გზა“ უწოდა.

ფსიქოლოგ სტივენ პინკერის წიგნი, სახელწოდებით When Everyone Knows That Everyone Knows-ი, სოციალური ინტერაქციის საკითხებს წამოჭრის და ხსნის, თუ როგორ მოქმედებს გაზიარებული ცოდნა – როდესაც ყველამ რაღაც იცის და იცის, რომ სხვებმაც იციან ეს – ადამიანების ქცევაზე, კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე.

მომდევნო საშობაო არდადეგებისთვის გეიტსი რეკომენდაციას უწევს მონაცემთა მეცნიერის, ჰანა რიჩის წიგნს, Clearing the Air-ს, რომელშიც ავტორი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ 50 მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს. ხოლო ეზრა კლეინისა და დერეკ ტომპსონის წიგნი Abundance-ი, განმარტავს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნა, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ეკონომიკური, პოლიტიკური და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებით.

რეკომენდებული წიგნების, მუსიკისა და შოუების სიას Microsoft-ის მილიარდერი დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, ბოლო 15 წელია უკვე, წელიწადში ორჯერ, ზაფხულის დასაწყისში და საშობაო არდადეგების წინ აქვეყნებს. გეიტსის რეკომენდაციებმა წარსულში წიგნების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენაც იქონია. მათ შორის იყო პინკერის The Better Angels of Our Nature’s Nature, რომლის გეიტსის რეკომენდებულ წიგნებში დასახელებას, გაყიდვების 2,000%-ით ზრდა მოჰყვა, Amazon-ის ბესტსელერების სიაში კი წიგნმა მეორე ადგილი დაიკავა.

forbes.ge