ორშაბათს, დილით რუსულ და უკრაინულ ტელეგრამარხებზე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბელგოროდის ოლქში ინტენსიური შეტაკებებია. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა ერთი ან რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი.

ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციას  „ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები“  ატარებენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე „უსაფრთხო ზონის“ შესაქმნელად.

„დიახ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, კერძოდ, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ და  ”რუსეთის თავისუფლების” ლეგიონის  ძალებმა აიღეს პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივულოცოთ რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს ეს გადამწყვეტი ქმედებები, რომლებიც მზად არიან  პუტინის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისთვის,“ - განაცხადა ანდრეი იუსოვმა

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ არიან სამხედრო ნაწილები, რომლებიც იბრძვიან უკრაინის  მხარეს. ადრე ამ ფორმირებების ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი იმყოფებოდნენ ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ზონაში.

ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს კრემლშიც გამოეხმაურნენ. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში შეჭრის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. პესკოვმა მომხდარი ბახმუტიდან ყურადღების გადატანის მცდლობად შეაფასა.  მისი თქმით, რუსული ძალები მუშაობენ უკრაინის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის გასანადგურებლად.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მონაწილეობას ბელგოროდის რაიონის სასაზღვრო სოფლებზე თავდასხმაში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება  ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო სოფლებში შეიარაღებული ჯგუფების შეღწევასთან „პირდაპირ დაკავშირებული“ არ არის.

„უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთის ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა მას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს. მოგეხსენებათ, ტანკები იყიდება ნებისმიერ რუსულ „ვოენტორგში“, მიწისქვეშა პარტიზანული რაზმები კი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება. ”- წერს პოდოლიაკი.

ერთადერთი მამოძრავებელი ძალა „მოჭერილი ხრახნების ტოტალიტარულ ქვეყანაში“ ყოველთვის არის პარტიზანული მოძრაობა იარაღით ხელში, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბელგოროდში დაჭრილია 3 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბელგოროდის ოლქის პოლიციის ყველა განყოფილება ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. საზღვრისპირა დასახლებებიდან მოსახლეობა ევაკუაციას თავისი ძალებით ცდილობს.