ბელგიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაში (VVSG) აცხადებენ, რომ ფოიერვერკის გაყიდვაზე აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უნდა გავრცელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ფოიერვერკის შესაძენად საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ მერების 80% მხარს უჭერს ბელგიის მასშტაბით ფოიერვერკის გაყიდვის აკრძალვას, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კი ადგილობრივ დონეზე უკვე დააწესა აკრძალვა ფოიერვერკის გაყიდვაზე.
„წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ არის მსხვერპლი, არიან დაშავებული ადამიანები. ასევე ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ფოიერვერკს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის იყენებს“, – განაცხადა ბელგიის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის სპიკერმა, ნატალი დებასტმა.
შეგახსენებთ, ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ბელგიის დედაქალაქში პოლიციამ 159 პირი დააკავა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, 1 700-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.