ევთანაზიის კონტროლისა და შეფასების ბელგიის ფედერალური კომისიის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში ევთანაზია 3 423-მა ადამიანმა მოითხოვა. ევთანაზია ამჟამად ბელგიაში სიკვდილიანობის 3 პროცენტზე მეტს შეადგენს. სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის მოთხოვნას საფუძვლად ზოგჯერ ფსიქიკური ტანჯვა უდევს, რასაც, თავის მხრივ, ფსიქიატრიული დაავადებები განაპირობებენ. მართალია, ფსიქიკური ტანჯვით გამოწვეული ევთანაზიის მოთხოვნა სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, მაგრამ მათი რიცხვი იზრდება: „ჩვენ კარგად ვხედავთ ამ მაჩვენებლების ზრდას. ფსიქიკური ტანჯვის გამო ევთანაზია ბელგიაში ევთანაზიის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1,4%-ს შეადგენს, მაგრამ ეს ფენომენი იზრდება“, - ამბობს ევთანაზიის კონტროლისა და შეფასების ფედერალური კომისიის პრეზიდენტი, ჟაკლინ ჰერმანსი.

მკაცრი კრიტერიუმები

ისევე როგორც ფიზიკური დაავადებების გამო ევთანაზიის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ტიპის (ფსიქიკური ტანჯვა) ევთანაზიის მოთხოვნის კრიტერიუმებიც ძალიან მკაცრია. თუმცა პროცედურა, რომელიც ასეთ პაციენტებს ელოდებათ, განსხვავებულია: „ისეთი სომატური დაავადებისას, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნეა, პირველი განსხვავება არის დრო. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დროს, რომელიც ამ მოთხოვნის განხილვას უნდა დავუთმოთ. ფსიქიკური მიზეზების გამო ევთანაზიის მოთხოვნის განხილვის პროცედურაში ორმა ფსიქიატრმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განმარტავს ჟაკლინ ჰერმანსი.

გამოწვევაა იმის დადგენა, შეუძლია თუ არა ადამიანს ასეთი მოთხოვნით მიმართვა. ექიმების ჯგუფმა შეიმუშავა საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი უნდა წარიმართოს: „სომატური დაავადებების შემთხვევებისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ექიმს აქვს ობიექტური მტკიცებულება, ფსიქიკური ტანჯვის დროს საქმე გვაქვს დაავადებებთან, რომლის მიმართ ობიექტურობის დაცვა უფრო რთულია. ექიმმა, რომელმაც ევთანაზიის მოთხოვნა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისგან მიიღო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მოთხოვნის ხარისხს უნდა მიაქციოს. შეუძლია თუ არა პაციენტს მოთხოვნის სწორად ფორმულირება? მაგალითად, პარანოიდული აშლილობის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ეს დაავადება გავლენას ხომ არ ახდენს მოთხოვნის შინაარსზე? ეს არის გამოცდა, რომელიც მედიცინის მუშაკებს, უდავოდ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს“.

ბოლო წლებში ფსიქიკური ტანჯვის შემთხვევები იზრდება

რით აიხსნება ასეთი შემთხვევების ზრდა? ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: „ფსიქოლოგიური ტანჯვის შემთხვევები საგრძნობლად არის გაზრდილი კოვიდის კრიზისის შემდეგ. გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სოციალური რეალობა, რომელიც ადამიანებზე სერიოზული სოციალური ზეწოლას ახდენს. არ უნდა გამოგვრჩეს მედიის ფაქტორიც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“, - განმარტავს EpiCURA-ს ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი ქალაქ მონსში, დოქტორი სედრიკ დიოკგუ.

ევთანაზიის კონტროლისა და შეფასების ბელგიის ფედერალური კომისია ასევე აღნიშნავს: „ევთანაზიის მოთხოვნის ზრდის ტენდენცია აშკარაა და ეს ზრდა ძირითადად ჰოლანდიურენოვან მოსახლეობაშია შესამჩნევი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ევთანაზიას ფრანგულენოვანი პაციენტებიც ხშირად ითხოვენ“. ჟაკლინ ჰერემანსის თქმით, ეს ზრდა იმითაც არის განპირობებული, რომ პაციენტების მოთხოვნებს მედიკოსები დღეს უკვე სხვაგვარად უდგებიან: „ფსიქიატრიული პაციენტებისგან ევთანაზიის მოთხოვნას ფსიქიატრები ადრე ხშირად უარყოფთდნენ, რაც შაბლონური მიდგომებით იყო გამოწვეული. ეს იყო გზა, რომელიც სპეციალისტებს აუცილებლად უნდა გაევლოთ“.

გასაჭირი სულ უფრო მეტ ახალგაზრდას ექმნება

2014 წლიდან კანონი არასრულწლოვანებს ევთანაზიის მოთხოვნის უფლებას არ აძლევს. თუმცა, ევთანაზიას მაინც სულ უფრო მეტი არასრულწლოვანი ითხოვს: „ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მოთხოვნების საერთო რაოდენობის ზრდას, არამედ იმასაც, რომ მთხოვნელთა შორის სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა“, - დასძენს დოქტორი სედრიკ დიოკგუ.

„ისინი აუტანელ ტანჯვაზე საუბრობენ. როგორც წესი, ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც ადრეულ ასაკში იძალადეს. ამ ძალადობის მოგონებებთან შეჯახება მათ არსებობას აუტანელს ხდის. ისინი თავს უსარგებლოდ გრძნობენ. ამიტომ, ჩვენთან მოსვლისას, როგორც წესი, ამბობენ: „ექიმო, ეს ცხოვრება არაფრად მიღირს. თვითმკვლელობის გარდა, სხვა რა გზა შეიძლება არსებობდეს?“, - ამბობს სპეციალისტი.

ასეთი ტანჯვის წინაშე ექიმი ვერაფერს ხდება: „რა თქმა უნდა, მე მათ ყოველთვის კანონისკენ მივუთითებ. მასში ყველაფერი გასაგებად წერია: არასრულწლოვან პაციენტებს არ შეუძლიათ, ამ უფლებით ისარგებლონ და ევთანაზია მოითხოვონ“, - განმარტავს ფსიქიატრი.

თვითმკვლელობის საფრთხე უარის შემთხვევაში

„ძალიან რთულია, როდესაც პაციენტის მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ, ფსიქიატრი იგებს, რომ სასოწარკვეთილების გამო, ადამიანმა თავი მოიკლა“, - ამბობს ჟაკლინ ჰერმანსი. დოქტორი დიოკგუი ეთანხმება მას: „ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, რამდენად შორს უნდა წავიდეთ პაციენტზე ზრუნვის კუთხით? როდესაც ადამიანი სიკვდილს ითხოვს, ეს ექიმს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს და ზოგჯერ მისი რწმენის ყველაზე ძლიერ საფუძვლებსაც კი არყევს, რომლის მიხედვითაც, ეს სამუშაო მან აუცილებლად უნდა შეასრულოს“.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი