კომპანია Planet Labs-ის სატელიტურმა ფოტოებმა დააფიქსირა კარვების ბანაკის ლიკვიდაცია ბელარუსის სამი ძირითადი საწვრთნელი პოლიგონის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მობილიზებული ჯარისკაცები გადიოდნენ მომზადებას. უცნობია, პოლიგონებს სხვა ადგილებზე გადაიტანენ თუ ისინი სხვა მიზნისთვის იქნება გამოყენებული.
როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იტყობინება, სავარაუდოდ რუსეთის მობილიზებული ჯარისკაცების მომზადებისთვის განკუთვნილი სამი უმსხვილესი ბანაკის ლიკვიდაცია დაიწყო თითქმის ერთდროულად - 3 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის სახელმწიფო დღესასწაულზე.
პრაქტიკულად თითქმის იმავე დროს ოსიპოვიცკის რაიონის სოფელ ცელში დაიწყო კარვების ბანაკის მშენებლობა, რომელიც, ზოგიერთი ინფორმაციით, შესაძლოა დაკავშირებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელარუსში ჩასვლასთან. დღეს ეს არის ყველაზე დიდი ბანაკი ბელარუსის ტერიტორიაზე. იგი შედგება მინიმუმ 303 სამხედრო კარვისგან, რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, 15000-მდე ადამიანს იტევს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის პირველ ეტაპზე რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის. თავად ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში არ ჩართულან.
სრულად იხილეთ radiotavisupleba.ge