ბახმუტთან საარტილერიო იერიშის დროს სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტი არმან სოლდენი დაიღუპა. ამის შესახებ იუწყებიან სოლდენის კოლეგები, რომლებიც მისი დაღუპვის თვითმხილველები გახდნენ.
გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი ქალაქ ჩასოვი იართან იმყოფებოდა, როდესაც საარტილერიო იერიში დაიწყო.
საარტილერიო ჭურვი ჟურნალისტის სიახლოვეს აფეთქდა, რის შედეგად ის დაიღუპა. გადამღები ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.
როგორც „ფრანს პრესის“ ხელმძღვანელმა, ფაბრის ფრისმა განაცხადა, მომხდარის გამო, მთელი სააგენტო შოკირებულია. მისივე თქმით, არმან სოლდენის დაღუპვა კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას იმ საფრთხეებს, რომელსაც ყოველდღე აწყდებიან უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები.