საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მითია, თითქოს საბჭოთა კავშირი მოსახლეობას სრულ კეთილდღეობას სთავაზობდა და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა. მართალია, კომუნისტური რეჟიმი სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარკვეულ, ხშირად საბაზისო პირობებს ქმნიდა, თუმცა დასავლურ კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით ის ბევრად ჩამორჩენილი იყო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსრ-ში ურბანიზაცია არცისე მაღალი იყო და მოსახლეობის 45% კვლავ სოფლად ცხოვრობდა, სადაც სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო დაბალი იყო ვიდრე ქალაქებში.

საბჭოთა საქართველო დიდწილად დამოკიდებული იყო მოსკოვის დოტაციებზე. ქვეყანაში მძვინვარებდა კორუფცია და სამომხმარებლო საქონელზე მუდმივი დეფიციტი. 1980 წლის მონაცმებით საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 145 მანეთი იყო (რაც 15 რესპუბლიკას შორის სიის შუაში გვათავსებდა), კოლმეურნეობაში დასაქმებულთა ანაზღაურება კი 110 მანეთი.

მაგალითად, საბჭოთა რუსეთში ამ დროს საშუალო ხელლფასი 180 მანეთი იყო. მასწავლებელთა ხელფასები 120-130 მანეთს არ აღემატებოდა, პენსია 60 მანეთი, სტიპენდია 40 მანეთი, ხოლო მინიმალური ხელფასი 70-80 მანეთი იყო. ცნობილი მოსკოვის 37 (ეს მხოლოდ ერთი გზის ბილეთის ფასია) მანეთიანი ბილეთის საყიდლად (ჩასვლა-ჩამოსვლა) ადამიანებს ნახევარი თვის ხელფასის გადახდა უწევდათ რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. 1970-იან წლებამდე კი მოსახლეობის დიდი ნაწილი მრავალოჯახიან კომუნალურ სახლებში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ერთფეროვან, უხარისხო კორპუსებში.

როგორი იყო ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ნივთებზე 1980 წლისთვის:

  • ტელევიზორი - 80%
  • მაცივარი - 60%
  • სარეცხი მანქანა - 50%
  • რადიო - 90%
  • სახლის ტელეფონი - 30%
  • ავტომობილი - 10%

tia.ge