ავსტრია ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის პირობებს ამკაცრებს. ოთხშაბათიდან განმცხადებლებს იარაღის შესაძენად მეტი ლოდინი მოუწევთ, რაც ხელისუფლებას მათი უკეთ გადამოწმების საშუალებას მისცემს. ასევე იზრდება იარაღის შეძენის მინიმალური ასაკი. იარაღის შესახებ კანონში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს ოფიციალური ვენა გრაცში ივნისში მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ახორციელებს. ავსტრია არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობაში იარაღის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია.
მოსახლეობაში იარაღის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა ივნისში განაცხადა, რომ იარაღის ფლობის წესები „მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს“ გრაცში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შემდეგ, როდესაც 21 წლის ყოფილმა სტუდენტმა 10 ადამიანი მოკლა. მკვლელს, ფსიქიკური არასტაბილურობის გამო, არმიაში სამსახურის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, მან ფსიქოლოგიური ტესტები გაიარა და პისტოლეტი და თოფი კანონიერად შეიძინა. მას იარაღის ფლობის ლიცენზია გააჩნდა, თუმცა, საჯარო ადგილებში მისი ტარების უფლება არ ჰქონდა.
სამთვიანი განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცეს: პისტოლეტის შეძენა შესაძლებელი იქნება არა 21, არამედ 25 წლის ასაკიდან. შაშხანის შეძენისთვის აუცილებელი ასაკობრივი ზღვარი 18-დან 21 წლამდე იზრდება და ფსიქოლოგიური ტესტები მკაცრდება.
„თუმცა, ზოგიერთი მოუთმენლობას იჩენს და აინტერესებს, რატომ უნდა გაგრძელდეს ამდენ ხანს ეს პროცედურები? იმიტომ, რომ ეს არის იარაღის შესახებ კანონში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, გერჰარდ კარნერი.
ამიერიდან, იარაღის შეძენა მხოლოდ რეგისტრირებული დილერებისგან იქნება შესაძლებელი, და არა კერძო პირისგან, როგორც ეს გრაცში მომხდარი სროლის მონაწილის შემთხვევაში მოხდა. „ვიცი, რომ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ყველაფრის თავიდან აცილებას, მაგრამ ათი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ შეგვიძლია, უბრალოდ, ხელები ჩამოვუშვათ და არაფერი გავაკეთოთ“, - მიიჩნევს ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ფილიპ კუჩერი.
ამიერიდან, იარაღის შეძენის შემდეგ, ხელისუფლებას, სამი დღის ნაცვლად, უკვე ოთხი კვირა ექნება განმცხადებლის გადასამოწმებლად.
მოსახლეობაში ცეცხლსასროლი იარაღის კონცენტრაცია მაღალია
ავსტრია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობაში ცეცხლსასროლი იარაღის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. 400 ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეოცე მოქალაქე, მინიმუმ, ერთ იარაღს ოფიციალურად ფლობს. რაც შეეხება თანაფარდობას, დადგენილია, რომ 100 მცხოვრებზე, საშუალოდ, 30-მდე იარაღი მოდის.
ევროპაში მხოლოდ სერბები, ჩერნოგორიელები, კვიპროსელები და ფინელები არიან უფრო მეტად შეიარაღებულნი. ავსტრიაში ასევე ბევრია სპორტული და სანადირო იარაღის მოყვარული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცნობილი იარაღის მწარმოებლის, Steyr Arms-ის მიერ გასულ წელს გამოშვებული პროდუქციის ნახევარი სამოქალაქო იარაღზე მოდიოდა.
„სანადირო თოფების კუთხით, ყველაზე ძლიერი ბაზრები, ტრადიციულად, არის პოლონეთი, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი“, - ამბობს Steyr Arms-ის მმართველი დირექტორი, მილან შლაპაკი.
სპორტული მსროლელები და მონადირეები უფრო მკაცრ წესებს ექვემდებარებიან. ამიტომ, იარაღის შესახებ კანონი მათზე, ძირითადად, არ ვრცელდება. თუმცა, მათაც კი, ვისაც ლიცენზია ბოლო ორი წლის განმავლობაში აქვს მიღებული, ხელახლა მოუწევთ განაცხადის შეტანა.
სამამულო იარაღის ინდუსტრია ვითარდება (ჩეხურ ენაზე)
წყარო: 1 არხი