ავსტრალია განიხილავს ევროპული ქვეყნების "მსურველთა კოალიციაში" გაწევრიანებას, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ოფისის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

ავსტრალიის პრემიერმინისტრ ენტონი ალბანეზისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სტარმერის ოფისმა განცხადებაში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტი "მიესალმა პრემიერმინისტრ ალბანეზის მზადყოფნას, განიხილოს უკრაინისთვის შექმნილ კოალიციაში მონაწილეობა".

3 მარტს, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, ალბანეზიმ თქვა, რომ ავსტრალია "მზადაა დაეხმაროს" უკრაინას და "შემდგომი წინადადებები განიხილოს", რაც მიანიშნებს, რომ მისი მთავრობა შესაძლოა გახდეს ერთობლივი ძალის ნაწილი.

2 მარტს, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა წამოიწყეს იდეა, რომ ევროპელმა მშვიდობისმყოფელებმა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უზრუნველყონ. მიუხედავად მოლაპარაკებების პროგრესისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კოალიციის წარმატებისთვის ევროპას "მტკიცე ამერიკული მხარდაჭერა" სჭირდება.

სტარმერმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას კოალიციაში, თუმცა თქვა, რომ "რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა სურვილი, გახდეს იმ გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ".

გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 6 მარტს დაადასტურა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა უმეტესობა "ევროპელი და [ერთა] თანამეგობრობის პარტნიორები" არიან.

ამ ეტაპზე, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოხატა კოალიციაში გაწევრიანების მზადყოფნა, მათ შორის კანადამ, ირლანდიამ და თურქეთმა.

წყარო: ტაბულა