რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეერთებული შტატები ცდილობს, რუსეთი საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრებიდან განდევნოს და მსოფლიო ენერგეტიკულ სექტორში დომინირება მოიპოვოს. ამის შესახებ მან TASS-ის გენერალურ დირექტორ ანდრეი კონდრაშოვთან ინტერვიუში ისაუბრა.
ლავროვმა ვენესუელის ნავთობის სექტორში განვითარებული მოვლენები მოიყვანა მაგალითად და განაცხადა, რომ ამერიკელებმა საჯაროდ განაცხადეს, თითქოს ვენესუელის ნავთობი ახლა მათ კონტროლქვეშაა და არა რუსეთისა და ჩინეთის. მისი თქმით, არც რუსეთი და არც ჩინეთი ვენესუელის ნავთობს არ აკონტროლებდნენ, თუმცა ორივე ქვეყანა იქ პარტნიორის სტატუსით საქმიანობდა.
„ამერიკელებმა ამაყად განაცხადეს, რომ ვენესუელის ნავთობს ახლა ისინი აკონტროლებენ და არა ჩინეთი და რუსეთი. არადა, ჩვენ იქ არაფერს ვაკონტროლებდით – არც ჩინელები აკონტროლებდნენ რაიმეს – თუმცა, პარტნიორები ვიყავით.
იქიდან გვყრიან, ყველა ენერგეტიკული ბაზრიდან გვდევნიან. დამტკიცებულია მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინირების დოქტრინა, რომელიც ახლა პრაქტიკაში ხორციელდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე ყურადღება გაამახვილა სერბეთის ნავთობკომპანია NIS-ზე, რომლის უმსხვილესი აქციონერი რუსული „გაზპრომ ნეფტია“. მისი თქმით, კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესიც რუსეთის ინტერესების შეზღუდვას უკავშირდება და მოსკოვს იქიდანაც განდევნიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის გადაწყვეტილება რუსული დიზელის მიწოდებაზე სანქციების შემსუბუქების შესახებ. მისი მტკიცებით, ეს ნაბიჯი სანქციების რეალურ გაუქმებას არ ნიშნავს და მხოლოდ ბაზარზე ვითარების დროებით დასტაბილურებას ემსახურება.