გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, პირველად, აშშ უკრაინული საზღვაო დრონების წარმოებას დაიწყებს, რომლებიც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში წარმატებით გამოიყენა.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიერ შექმნილ და დატესტილ უპილოტო საზღვაო აპარატების წარმოებას ამერიკული კომპანია ReconCraft დაიწყებს. მათ შეთანხმება გააფორმეს უკრაინულ კომპანია Uforce-თან, რომელიც MAGURA-ს (უკრაინული საზღვაო დრონი) შემქმნელია. ხელშეკრულებას ხელი აშშ-ში უკრაინის საელჩოში მოეწერა.
კომპანია ReconCraft-ის თანადამფუძნებლის თქმით, მათი მიზანია, ორეგონსა და სამხრეთ კაროლინაში მდებარე ობიექტებში ყოველწლიურად ასობით, ან თუნდაც ათასობით უკრაინული დრონი აწარმოონ.