უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა აზრი, რომ უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ შესაძლოა, აქამდე შემდეგი წლისთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარება წელსვე მიიღოს.

აქამდე კონგრესს უკრაინისთვის 2025-26 წლებში 15-15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა, ზელენსკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ახლა უკრაინას მთლიანი 30 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება წელსვე მიიღოს.

ამის შესახებ РБК-Украина იტყობინება.

"არის $15 მილიარდი 2025 წელს იმ გადაწყვეტილებების თანახმად, რომლებიც კონგრესმა ერთი წლის წინ [მიიღო]. $15 მილიარდი 2025 წლის პაკეტია და ამ ღირებულების იარაღები. ასევე არის $15 მილიარდი, რომელიც მათ 26-ისთვის გამოყვეს. კითხვა ისაა, ეს ფული მოდის თუ არა შენამდე და ეს დიდი ფულია, $30 მილიარდია". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კითხვა იმაში მდგომარეობს, შესაძლებელია თუ არა ახლად შექმნილი ფონდის წყალობით, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილი 15 მილიარდი დოლარი 2025 წელს მიუახლოვდეს.

"მაგალითად, წელიწადის მეორე ნახევარში 2025 წლისა და 2026 წლის $30 მილიარდის ღირებულების იარაღები მივიღოთ, მაგრამ მივიღოთ ახლა". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს 30 მილიარდი დოლარი ამერიკის მხრიდან უკრაინის საინვესტიციო ფონდში ჩადებული თანხა იქნება, უკრაინა კი თავის წილს ეტაპობრივად შეავსებს.

"უკრაინა შემდგომ თავის ნახევარს ნელ-ნელა გადასცემს და ეს არის შეთანხმება". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებული იქნება, ხოლო იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ, ამერიკული ვიზები უნდა გაუუქმდეთ.

გუშინ, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მინერალების შეთანხმების რატიფიცირებას კენჭს, სავარაუდოდ, 8 მაისამდე უყრიან.

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

"ეს შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ს ეკონომიკურ ჩართულობას უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად.

შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სა და უკრაინას შორის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, იმ მასშტაბური დესტრუქციის საპასუხოდ, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გამოიწვია". – ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სრულად კოლაბორაციულ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლითაც სარგებელს როგორც აშშ, ისე უკრაინა მიიღებს.

"ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის – აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას". – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ჩამოთვლილია ის სარგებლები, რომლებსაც ორი ქვეყანა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის ოპერირების შედეგად მიიღებს:

  • უკრაინასა და აშშ-ს შორის ამ თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნება ფონდი, რომელიც მიიღებს უკრაინის ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული ჰონორარების, ლიცენზიის გადასახადებისა და სხვა მსგავსი შემოსავლების 50 პროცენტს. 
  • ეს თანხები ინვესტიციის სახით ჩაიდება ახალ პროექტებში უკრაინაში, რაც გრძელვადიან შემოსავალს შექმნის როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი ხალხისთვის. 
  • ახალი პროექტები წამოწყებისას, ფონდის რესურსები სწრაფად გადანაწილდება ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
  • არაპირდაპირი სარგებელი იქნება კერძო სექტორის გაძლიერება და უფრო მტკიცე და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რაც უკრაინის გრძელვადიან წარმატებას შეუწყობს ხელს.
  • შეთანხმების ზედამხედველი იქნება კომპანია, რომლის დირექტორთა საბჭოშიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი სამი უკრაინელი და სამი ამერიკელი წევრი. ისინი კოლაბორაციული პროცესის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს ფონდიდან რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, როგორიცაა ინვესტიციები და [თანხების] განაწილებები. 
  • თანამშრომლობა ასევე უზრუნველყოფს უმაღლეს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რათა უკრაინისა და აშშ-ს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ უკრაინის რეკონსტრუქციით.
  • ბუნებრივი წიაღისეულის პროექტებში შედის მინერალების, ნახშირწყალბადებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • თუ აშშ გადაწყვეტს, რომ ამ რესურსების შეძენა სურს, გვექნება პრიორიტეტი, თავად შევიძინოთ ისინი ან თავად ავირჩიოთ ის, ვინც მათ შეიძენს. 
  • ეკონომიკური უსაფრთხოება ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი საშუალებას იძლევა, რომ კრიტიკული რესურსები არ მოხვდეს არასწორ ხელში.
  • ამასთან, ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის - აშშ-ს საკუთარი ინტერესი აქვს და მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გრძელვადიან წარმატებას.
  • ვერცერთი სახელმწიფო, კომპანია ან პირი, რომელმაც დააფინანსა ან მოამარაგა რუსეთის ომის მანქანა, ვერ ისარგებლებს უკრაინის რეკონსტრუქციით და ვერ ჩაერთვება პროექტებში, რომლებიც ფონდის რესურსებით იქნება დაფინანსებული. 

წყარო: "ტაბულა"