თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, წყაროების თქმით, თეთრი სახლი აღიარებს, რომ ვადები შეიძლება შეიცვალოს ორი მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულის გათვალისწინებით.

Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს პოზიცია კი კიევმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს.

Bloomberg ციტირებს თეთრი სახლის პრესსპიკერს, ბრაიან ჰიუზს, რომლის თქმითაც, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ან ვადები საჯარო არ იქნება.

„ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დისკუსიის პირობების ან ვადების შესახებ მედიაში საუბარი არ გვექნება“, - აცხადებს ბრაიან ჰიუზი.

სააგენტოს წყაროების აზრით, კრემლი არ დათანხმდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტზე, სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რაც აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა.

“აშშ იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ მეომარი მხარეები განაგრძობენ შეტევებს და უახლოეს დღეებში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას“, - წერს Bloomberg-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაცია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება. საუდის არაბეთის მოლაპარაკებები მოიცავს ტექნიკურ დეტალებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე 30-დღიანი ზავის განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ. დისკუსიებზე ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ გაფართოებაზე, რათა ის შავ ზღვაში გემების მიმოსვლაზეც გავრცელდეს.

საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღამით რუსეთი უკრაინას 150 დრონით დაესხა თავს.

„ამ დროისთვის ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ჩვილი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის მამის და მისი ხუთი წლის ქალიშვილის. გუშინ ზაპოროჟიეში სამი ადამიანი დაიღუპა, ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს. ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 1 580-ზე მეტი ბომბი, თითქმის 1 100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყველა ეს შეიარაღება შეიცავს, სულ მცირე, 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების მიმართ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. ყველა შესაძლებლობა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, უნდა აღმოიფხვრას. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებსა და ამ ომს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება და აღნიშნა, რომ საჭიროა რეალური მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის სისტემებით.

წყარო: IPN.GE      1tv.ge