აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს შესთავაზა, რუსეთის გაყინული რუსული აქტივების ნაწილზე ბლოკი მოეხსნათ და ვაშინგტონის კონტროლქვეშ გადაეცათ, – ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სტატიის მიხედვით, ამ ინიციატივით ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 9 ოქტომბერს მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე გამოვიდნენ. შეხვედრას უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი სამშვიდობო შეთანხმების ფართო კონტექსტში განიხილებოდა.

ამერიკულმა მხარემ აქტივების განბლოკვის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი წარადგინა, მათ შორის იყო აქტივების აშშ-ის კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურისთვის გადაცემა.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროპელებმა ეს გეგმა უარყვეს. შეხვედრაში მონაწილე ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან აქტივებზე კონტროლის ნებისმიერი სხვა მხარისთვის გადაცემას და მათი თუნდაც ნაწილის მოსკოვისთვის დაბრუნებას.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულმა გეგმამ ევროპელებსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, მათ გაუჩნდათ კითხვები აშშ-ის განზრახვებთან დაკავშირებით, რატომ ირჩევს ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლისგან პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ რუსეთს სამ ეკონომიკურ სტიმულს სთავაზობდა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე დაეთანხმებინა, მათ შორის იყო დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების განბლოკვა. ამასთან, თანხები განიხილებოდა, როგორც ნაწილობრივი ზავის მისაღწევად სტიმული და არა როგორც ჯილდო ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლისთვის.

ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის ცენტრალური ბანკის 260 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. თანხების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 193 მილიარდი ევრო, ბელგიურ დეპოზიტარ „ევროქლეარში“ ინახება. გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევრომდე მოცულობის სესხის დასაფინანსებლად გამოიყენება.

2025 წლის დეკემბერში ევროკავშირმა, სპეციალური პროცედურის საფუძველზე, რომელიც ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერას არ საჭიროებს, რუსეთის აქტივების უვადო გაყინვა დაამტკიცა. შეზღუდვა ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს და უკრაინას მიყენებულ ზიანს არ აუნაზღაურებს.

პირველი არხი