გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ ინდური კომპანია Reliance Industries Ltd.-სთვის ზოგადი ლიცენზია გამოსცა, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას, ყოველგვარი სანქციების დარღვევის გარეშე, პირდაპირ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვის ნებას დართავს.

Reliance Industries-ს ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი გასული წლიდან ჰქონდა შეწყვეტილი, როდესაც კომპანიისთვის აშშ-ს მიერ მინიჭებული საშეღავათო პერიოდი ამოიწურა. Reliance-მა ლიცენზიის მისაღებად განაცხადი იანვრის დასაწყისში შეიტანა.

Reuters-ის მიხედვით, ლიცენზია ინდურ ნავთობკომპანიას უკვე მოპოვებული ვენესუელური ნავთობის შესყიდვის, ექსპორტზე გატანისა და გაყიდვის უფლებამოსილებას ანიჭებს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ Reliance-ისთვის ლიცენზიის მინიჭებამ შესაძლოა, ვენესუელური ნავთობის ექსპორტი დააჩქაროს.

ცნობისთვის, იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ვენესუელის ენერგო სექტორზე შემოღებულ სანქციებს შეამსუბუქებდა, რათა ხელი შეუწყონ აშშ-და და ვენესუელას შორის $2 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას ნავთობის მიწოდებაზე და ვენესუელის ნავთობინდუსტრიის აღდგენის $100-მილიარდიან გეგმას.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ინდურმა ნავთობკომპანიებმა, Indian Oil Corp.-მა და Hindustan Petroleum Corp.-მა ერთობლივად 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი შეისყიდეს.

ამავდროულად, ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თებერვლის დასაწყისში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას დათანხმდა.

პარალელურად, გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა ინდოელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები აპრილში დაგეგმილი მიწოდებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას თავს არიდებენ.

გამოცემის შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა, ნიუ-დელის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების დადებაში დაეხმაროს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ ქარხნებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ რუსული ნავთობის გარკვეული რაოდენობის მიწოდება მარტში, სხვა გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობამ კი უკვე შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შეძენა.

tabula.ge