აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავდა ზუსტად იმას, რაც განაცხადა და არაფერს სხვას. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ამასთან, მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „როგორც ჩანს, დაიწყეს გამოძიება და დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შედეგებს“, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ „ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს“.

„მე როგორც მესმის, მას აქვს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული, თუ ვინმე სხვის მიერ“, – განაცხადა მილერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რამე, რისი გაკეთებაც აშშ-ს შეუძლია, მილერმა განაცხადა:

„ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები გადახედვის პროცესშია. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დახმარება და სხვა დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, გადახედვის პროცესშია“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ალექს რაუფოღლუს კითხვაზე, „ვნახეთ დაშინების კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, ვნახეთ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი წევრის მიმართ“, რაზეც მეთიუ მილერმა აღნიშნა:

„კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს დავინახოთ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცულია, დაცულია მათი პროტესტის უფლება, რომ მათი გამოხატვის ფუნდამენტური უფლება არ არის დარღვეული“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან. საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, პროკურატურას ვურჩევდი, შეუდგეს თავის საქმეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო:„პირველი არხი“