ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ ირანის ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შემცირებაზე იმუშავებს. ინფორმაციას „აქსიოსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას სრული ძალით განვახორციელებთ, მაგალითად, ჩინეთში ირანის ნავთობის გაყიდვებთან დაკავშირებით“, – წერს „აქსიოსი“ აშშ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთი ირანის ნავთობის 80%-ზე მეტს ყიდულობს და ამ ვაჭრობის შემცირება ირანისთვის ნავთობიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებას ნიშნავს.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ირანის დიპლომატებმა ომანის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებები გამართეს გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რეგიონში საზღვაო ფლოტილია განათავსა.

1tv.ge