ირანი მზად არის, განიხილოს კომპრომისები აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად, თუ ამერიკული მხარე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
მაჯიდ ტახთ-რავანჩიმ თქვა, რომ ახლა „ბურთი ამერიკის მოედანზეა, რათა დაამტკიცოს, რომ შეთანხმება ნამდვილად სურს“.
„ისინი თუ გულწრფელები იქნებიან, დარწმუნებული ვარ, შეთანხმების გზაზე დავდგებით“, – განაცხადა ირანელმა მინისტრმა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი და ასევე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განვიხილოთ, თუ ისინი სანქციებზე საუბრისთვის მზად იქნებიან“, – თქვა ტახთ-რავანჩიმ.
მან არ დაადასტურა, გულისხმობს თუ არა ეს ყველა სანქციის მოხსნას თუ მხოლოდ ნაწილის.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს სწორედ ირანი აფერხებს და არა აშშ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებას ამჯობინებს, თუმცა ირანთან შეთანხმების მიღწევა „ძალიან რთულია“.