უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკვე არსებობს დაახლოებით 30 შეთანხმება, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის ცნობით, მან ეს განცხადება უმაღლეს რადაში „მთავრობისთვის კითხვების დასმის საათის“ დროს გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეთანხმებები „სწორად მუშაობს“ და უკრაინის პარტნიორი ქვეყნები, მათ საფუძველზე, ფინანსური რესურსებისა და შეიარაღების მოწოდებას უზრუნველყოფენ.

„უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებების ფარგლებში, ქვეყნები გამოყოფენ რესურსებს, ფინანსებს, იარაღს და სამხედრო დახმარებას. ეს არის ოფიციალური საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინა დახმარებას და მხარდაჭერას იღებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს, პარტნიორი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებმა ფინანსებისა და იარაღის გამოყოფის საკითხში უკრაინასთან რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს. შმიგალის თქმით, ეს შეთანხმებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ადრე დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმდა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელ შეთანხმებებზეა საუბარი.

ვისთან აქვს გაფორმებული უკრაინას უსაფრთხოების ხელშეკრულებები

2024 წელს უსაფრთხოების ხელშეკრულებებს უკრაინამ პარტნიორ ქვეყნებთან და ევროკავშირთან მოაწერა ხელი.

პირველი ასეთი შეთანხმება 2024 წლის 12 იანვარს უკრაინამ გაერთიანებულ სამეფოსთან გააფორმა. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ ორ შეთანხმებას პრეზიდენტმა ზელენსკიმ 16 თებერვალს გერმანიასთან და საფრანგეთთან მოაწერა ხელი. 23 თებერვალს უკრაინამ და დანიამ დადეს შეთანხმება უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ. 2024 წლის 24 თებერვალს უკრაინამ ხელი მოაწერა ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებებს იტალიასთან და კანადასთან, 1 მარტს კი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება უკრაინამ და ნიდერლანდებმა ხარკოვში გააფორმეს. 3 აპრილს ანალოგიური შეთანხმება ფინეთთან დაიდო. უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი 11 აპრილს მოაწერეს. 27 მაისს მსგავსი დოკუმენტი გაფორმდა ესპანეთთან, ხოლო 28 მაისს - ბელგიასთან. პორტუგალია გახდა მე-12 ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერა ხელი. 31 მაისს უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებები დადო სამ ქვეყანასთან - შვედეთთან, ნორვეგიასთან და ისლანდიასთან.

13 ივნისს, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტის ფარგლებში, უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს. იმავე დღეს უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას იაპონიასთან მოაწერა ხელი.

27 ივნისს ბრიუსელში ზელენსკიმ უსაფრთხოების შეთანხმებები ევროკავშირთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან დადო.

ამ ხელშეკრულებების მიზანია, უკრაინის მხარდაჭერა მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეების შექმნის შემთხვევაში. ხელმოწერილი დოკუმენტების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, საფრთხეებისა და აგრესიის შემთხვევაში კი, გამართონ კონსულტაციები და გააფართოვონ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება.

ადრე გავრცელებული ინფორმციის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში, შესაძლოა, ხელშეკრულება გაწყვიტოს.

რა არის ცნობილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც უკრაინა ითხოვს? უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია ნატო-ში გაწევრიანება იქნება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, რადგან ეს არის „სავარაუდოდ მიზეზი“, რის გამოც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

24 თებერვალს, თეთრ სახლში გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით თქვა, რომ საფრანგეთის მიზანია, უკრაინაში მყარი მშვიდობის დამყარება და ქვეყანა მზად არის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. მაკრონმა გამოთქვა მზადყოფნა, განათავსოს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე „მშვიდობის შესანარჩუნებლად და არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის“.

რა არის ცნობილი უკრაინაში უცხო ქვეყნების ჯარისკაცების შესაძლო განთავსების შესახებ

2024 წლის თებერვალში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ განიხილავს უკრაინაში დასავლური სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. თუმცა, ევროპულმა ქვეყნებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

2025 წლის 16 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა განცხადება ბრიტანული ჯარების უკრაინაში განთავსებისთვის მზადყოფნის შესახებ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

შვედეთის მთავრობა ასევე არ გამორიცხავს უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.

შვედეთის მთავრობა ასევე არ გამორიცხავს უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კი ამბობს, რომ პოლონეთი სამშვიდობო მისიისთვის საკუთარი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავს.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც „ცეცხლის შეწყვეტის“ მონიტორინგისთვის უკრაინაში სამხედროების განთავსების იდეას მხარს უჭერენ, 25-30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავენ.

წყარო: 1 არხი