"ფისკალური სიხარბის" დასასრული - ასე უწოდებენ არგენტინაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საგადასახადო სამსახური გაუქმდა. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ სააგენტო "კარგ ადამიანებს" ხელს უშლიდა. გაუქმებული სამსახურის უფლებამოსილებები ახალ უწყებას გადაეცა. შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა მესამედით შემცირდა.

 

საკითხზე არგენტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მანუელ ადორნის განცხადებით, სააგენტო მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და გამოიყენებოდა მრავალი არგენტინელის "ამორალური დევნისთვის".

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ საგადასახადო სამსახურის დახურვა ,,აუცილებელი იყო არასაჭირო ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად, რომელიც აფერხებს არგენტინელების ეკონომიკურ და კომერციულ თავისუფლებას“. მათ ასევე განმარტეს, რომ დაახლოებით 3 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რადგან ისინი წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაიქირავებულები იყვნენ. მათი გამოანგარიშებით, ამ გზით წელიწადში 6,4 მილიარდ პესოს დაზოგავენ, რაც დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარია.

  

ახალი სააგენტო შეინარჩუნებს იმ ფუნქციებს, რომელიც საგადასახადო სამსახურს გადასახადების ამოღებაზე ზედამხედველობისა და საბაჟო მონიტორინგის მიმართულებით ჰქონდა.