რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ამათ ამაროვმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. 

ამაროვის თქმით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელთა ინტერესებზე, მაგალითისთვის, იგი აწესრიგებს ფასების დამალვის მანკიერ ტრადიციას ქართველი მოვაჭრეების მხრიდან.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, ხოლო მისი აღსრულება 1 ნოემბრიდან დაიწყო.

საქართველოში დღეს რამდენიმე უწყება არსებობს, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, ფინანსურ ნაწილზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი; წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხებზე - სემეკი; დაზღვევებზე მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, საკვებ პროდუქტებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო და კომუნიკაციის საკითხებზე - კომუნიკაციების კომისია.

რაც შეეხება ყველა სხვა სექტორს, მომხმარებლის უფლებებზე პასუხისმგებელია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კანონი და რეგულაციები ჩვენი ქვეყნისთვის ახალი იყო, დადგა აუცილებლობა, რომ შემუშავებულიყო სტრატეგია, რომლითაც ვიმუშავებდით.

ამის გათვალისწინებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ინიციატივით და ამ უწყებების ჩართულობით მომზადდა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია.

 მიღებული სტრატეგია 2024-2027 წლებზეა გათვლილი, მის შემუშავებაში ევროპელი პარტნიორებიც იყვნენ ჩართულნი და ამ საქმეში მათი წვლილი საკმაოდ დიდია. სტრატეგია მოიაზრებს საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, პრაქტიკულ ცვლილებებს, გარდა ამისა, განსაზღვრულია მომხმარებლებისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლება.

უკვე გაწერილია 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით. ამ დროისთვის შევხვდით არა ერთ მომხმარებელს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს, შემუშავების ეტაპზე გვაქვს სახელმძღვანელო დოკუმენტები.

ერთ-ერთი დოკუმენტი მოიაზრებს ფასების მითითებას, მასში გაიწერება რა ვალდებულება ექნებათ მოვაჭრეებს, იქნება ეს ონლაინ საიტები თუ ადგილზე ვაჭრობა.

იქნება გაწერილი თუ როგორ უნდა მიუთითონ ფასები, რა ინფორმაცია უნდა გასცენ აუცილებლად და მრავალი სხვა დეტალი.

2024 წლის სტრატეგია წლის ბოლომდე აუცილებლად შესრულებული იქნება“,- ამბობს ეთერში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი მოადგილე.

ამაროვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონმდებლობა საკმაოდ ახალია და ქართულ საზოგადოებაში მომხმარებელთა დაცვის პრაქტიკაც ჯერჯერობით თავის დამკვიდრების ეტაპზეa, მიმართვიანობა მაინც მაღალია.

ყველაზე ხშირად კი მომხმარებლები ონლაინ შეძენილი პროდუქციით არიან უკმაყოფილო.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი წელიც არ არის გასული, რაც ამ კანონის აღსრულება დავიწყეთ, მსოფლიო ბანკმა საქართველო დააჯილდოვა მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის, განცხადებების დროულად განხილვისა და მომხმარებლების ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით, სამიდან ერთ-ერთ ნომინაციაში.

მსოფლიო ბანკმა განიხილა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ მოვაჭრეს, ამ გადაწყვეტილების ფარგლებში მას დაევალა სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა და მომხმარებელთა უფლებების გარკვეულწილად აღდგენა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, გარდა იმისა, რომ კომპანიის მიერ გასწორებული სამუშაო პოლიტიკა მივიღეთ, თანხობრივად 300 ათასზე მეტი აუნაზღაურდა ასობით მომხმარებელს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა.

მომხმარებლების მომართვა გაორმაგებულია. იანვრიდან ოქტომბრამდე 600-ზე მეტი განცხადება მივიღეთ და 4000 მეტი სატელეფონო ზარი შემოვიდა.

საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობაზე მოდის, დანარჩენი 30% უკვე ადგილზე შეძენილ პროდუქციით უკმაყოფილებაა. მომხმარებლები ძირითადად თანხის უკან დაბრუნებას, ან დაზიანებული პროდუქტის შეცვლა/შეკეთებას ითხოვენ.

მიმართვების მხრივ ლიდერობს თბილისი - 85%- ით და თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი მომართვიანობა არის აჭარაში.

ჩვენი კანონმდებლობა არ არის კომპანიის დაჯარიმებაზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, ხარვეზების პრევენცია. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიც ჩვენ არ ვაჯარიმებთ კომპანიას, ვაძლევთ გონივრულ ვადას, რათა აღმოფხვრას სავაჭრო პოლიტიკის ხარვეზები“,- აღნიშნა ამათ ამაროვმა.