„არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამერიკაშიც, ძალიან აქტიურია კადრების დეფიციტის პრობლემა“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ Rooms Hotels -  ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა. მისი თქმით პანდემიის შემდეგ ის ახალგაზრდები, რომლებიც  დასაქმებულები იყვნენ სერვისის სფეროში ონლაინ მიმართულებაზე გადაერთვნენ და თანხების ტიკ - ტოკით და  სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით გამოიმუშავებენ.

„როდესაც  საქართველოში დავბრუნდი, დავინახე კადრების დეფიციტის სიმწვავე, შემიძლია ვთქვა, რომ Top და Middle მენეჯმენტის ნაკლებობა არ არის, თუმცა  სერვისის მიმართულებით ბაზარზე თანამშრომლების ძალიან  დიდი  დეფიციტია. ძალიან ბევრი მიმართულებით Rooms - ის  სასტუმროებს  ღია  ვაკანსიები დღესაც აქვს და ახალგაზრდების დაინტერესება რეალურად გვიჭირს.

მე გადავხედე იმ უნივერსიტეტების სიას, სადაც ბევრი ახალგაზრდა სწავლობდა ტურიზმზე და ბუმი იყო, სად წავიდნენ ეს ახალგაზრდები, რატომ არ უნდათ, რომ ტურიზმში დასაქმდნენ ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა. ასევე მუშაობა დავიწყე იმ წამახალისებელ პროგრამაზე, რომ ახალგაზრდები ჩვენ სფეროში მოვიყვანო, შევთავაზო მათთვის  სასურველი გრაფიკი და ა.შ.  ჩვენი ბიზნესი დასაქმებულებს  დიდ  ბენეფიტს  ვთავაზობთ, ესენია კარგი დაზღვევა  სტაბილური  ანაზღაურება, ამ ყველაფერს ონლაინ მუშაობით ვერ მიიღებენ.“ - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

ჩეხერიას  თქმით დღეს ყველაზე მეტად სასტუმრო  ბიზნესში სერვისის თანამშრომლები ჭირს. მისივე თქმით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში  გაზრდილი ფასები და სულ სხვა რეალობა დახვდა, შესაბამისად  ჩეხერია თვლის, რომ ამ სექტორმა ანაზღაურებებს უნდა გადახედოს.

„უნდა ვნახოთ რა შეიძლება, რომ ჩვენც ამ გაზრდილი ფასების ფონზე შევთავაზოთ დასაქმებულებს, ისე, რომ ბიზნესმა იარსებოს და ამავე დროს თანამშრომელიც კმაყოფილი ჰყავდეს. ეს თუ ერთობლიობაში არ მოხდა, ვერც ბიზნესი გაიზრდება და ვერც მომხმარებელი იქნება კმაყოფილი, ამიტომ ამასაც ვაკვირდებით და ამ საკითხებს აქტიურად გავდივართ.

თბილისში მეტ-ნაკლებად მოსახლეობა დიდია და კადრების პოვნა ნაკლებად ჭირს, თუმცა რეგიონებში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას.  ჩვენი სურვილია, რომ რეგიონებში მდებარე ჩვენი სასტუმროების ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმოთ“ - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.