არაბული სახელმწიფოების ლიდერებმა 22 აპრილს კაიროში გამართულ სამიტზე ეგვიპტის მიერ შემოთავაზებული ღაზას რეკონსტრუქციის გეგმა დაამტკიცეს.

გეგმის ღირებულება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს და ღაზას მოსახლეობის სექტორის ტერიტორიაზე დარჩენას ისახავს მიზნად.

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ-სისის თქმით, ეგვიპტემ პალესტინელებთან თანამშრომლობით "დამოუკიდებელი, პალესტინელი ტექნოკრატებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციული კომიტეტის" შექმნაზე იმუშავა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ღაზას დროებით უხელმძღვანელებს.

გეგმის მიხედვით, კომიტეტი ჰუმანიტარული დახმარების კონტროლსა და ღაზას მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ აბდელატის თქმით, კომიტეტის წევრთა ვინაობა უკვე შეთანხმებულია.

რეკონსტრუქციის გეგმა 112-გვერდიანი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს რუკებსა და გამოსახულებებს საცხოვრებელი და სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ.

ეგვიპტის მიერ შემოთავაზებულ გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

"მიმდინარე წინადადება არ ასახავს იმ რეალობას, რომ ღაზა ამჟამად საცხოვრებლად გამოუსადეგარია და მოსახლეობა ვერ იცხოვრებს ტერიტორიაზე, რომელიც ნანგრევებითა და ასაფეთქებლებით არის დაფარული". - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზმა.

პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი რჩება თავისი ხედვის ერთგული, "აღადგინოს ღაზა ჰამასის გარეშე".

ეგვიპტის გეგმას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც და მას "მოძველებულ ხედვებზე დაფუძნებული" უწოდა.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია კომიტეტის შექმნის შესახებ ეგვიპტის შემოთავაზებულ წინადადებას ეთანხმება.

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭიროს გეგმას, რომელიც პალესტინელების გადაადგილებას არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 5 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.

წყარო: tabula.ge