ტექნოლოგიური კომპანია Apple თანამშრომლების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ამცირებს და ხარჯებზე კონტროლს ამკაცრებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიის უფრო ფართო ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ Apple ხელოვნური ინტელექტის საკუთარ სამუშაო პროცესებში უფრო აქტიურად ინტეგრირებას ცდილობს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ოქტომბერში კომპანიამ ზოგიერთი ინჟინრისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენების დღიური ლიმიტი $300-დან $200-მდე შეამცირა. ახლა Apple ინჟინრების გარკვეული ჯგუფებისთვის ამ ზღვრის კიდევ განახევრებას, $100-მდე შემცირებას განიხილავს.

ცვლილებები მხოლოდ საინჟინრო გუნდებს არ შეეხება. Bloomberg-ის ინფორმაციით, საინჟინრო დეპარტამენტების მიღმა მომუშავე თანამშრომლების ნაწილისთვის დღიური ლიმიტი უკვე $100-ია, თუმცა კომპანიის შიგნით ამ თანხის $25-მდე შემცირების შესაძლებლობაც განიხილება. თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაოს შესასრულებლად უფრო მაღალი ბიუჯეტი სჭირდებათ, გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით ხელმძღვანელობასთან მიმართვა შეეძლებათ.

შეზღუდვები ხელოვნური ინტელექტის მოდელების მიერ დამუშავებული მონაცემების ერთეულებს — ტოკენებს — უკავშირდება. Apple-ის თანამშრომლებს სხვადასხვა AI სერვისზე, მათ შორის ChatGPT-ზე, Claude-სა და Gemini-ზე აქვთ წვდომა. კომპანია ზოგიერთ გუნდს შედარებით იაფი მოდელების ან მოწყობილობებზე ლოკალურად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასაც ურჩევს.

კომპანიის ეს ნაბიჯი ტექნოლოგიურ სექტორში უფრო ფართო ტენდენციას ასახავს: მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პარალელურად მისი გამოყენების მზარდი ხარჯების კონტროლს ცდილობენ. Bloomberg-ის ცნობით, Apple-ის კვლევისა და განვითარების ხარჯები 2026 ფისკალურ წელს 32%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ AI-სა და შესაბამის ინფრასტრუქტურაზე გაწეულ დანახარჯებს უკავშირდება.

ამასთან, თანამშრომლების რეაქცია ახალ შეზღუდვებზე არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ $300-იანი დღიური ლიმიტით სრულად არც სარგებლობდა, სხვები კი ამ გადაწყვეტილებას კომპანიის ხარჯების შემცირების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილად აღიქვამენ. Apple-ს Bloomberg-ისთვის ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.