CNN-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა არ ეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით და სკეპტიკურადაა განწყობილი მისი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივის მიმართ. კვლევაში, რომელიც SSRS-მა ჩაატარა, 59% მიიჩნევს, რომ ტრამპის მიდგომა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ვერ გამოიღებს ხანგრძლივ მშვიდობას.

ამერიკელი დიპლომატები ამჟამად ცდილობენ, დაარწმუნონ რუსეთი დროებითი ცეცხლის შეწყვეტაში, თუმცა ტრამპმა ომის მიზეზად თავად უკრაინა დაასახელა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია, რამაც ევროპელი პარტნიორებისა და შიდა კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.

კვლევის მიხედვით, 50% ამერიკელებისა ფიქრობს, რომ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის საზიანოა, მაშინ როდესაც მხოლოდ 29% მიიჩნევს მას დადებითად. ტრამპის საგარეო პოლიტიკას უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს – 54% თვლის, რომ მისი გადაწყვეტილებები აზიანებს აშშ-ის საერთაშორისო პოზიციებს.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების უმრავლესობა ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერს, 28% მათგანი მაინც არ არის დარწმუნებული, რომ მისი მიდგომა უკრაინასთან მიმართებაში შედეგიანია. დემოკრატები კი ერთსულოვნად უარყოფითად აფასებენ მის პოლიტიკას.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ამერიკელები უკრაინას უფრო პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე რუსეთს: 72% უკრაინას მოკავშირედ ან მეგობრულ ქვეყნად მიიჩნევს, მაშინ როცა 81%-ის აზრით, რუსეთი აშშ-ს მტრული განწყობით უყურებს.

კვლევა ჩატარდა 6-9 მარტს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 1,206 ამერიკელზე. მონაცემთა ცდომილების მაჩვენებელი ±3.3 პროცენტული პუნქტია.

წყარო: ფორმულა