ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მისიის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ სახლში ბრუნდება.
ამერიკული მედიის თანახმად, ავიამზიდი მისიაში, უკვე ცხრა თვეა, იმყოფება და სან დიეგოში რამდენიმე კვირაში ჩავა.
„ლინკოლნის“ ბორტზე 5 000 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში ყოფნის და ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია გემზე მომარაგების და მეზღვაურების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. გემზე მყოფთა ნათესავებმა NBC News-ს განუცხადეს, რომ პირობები მძიმეა, რის მაგალითად მოჰყავთ მარაგებისა და საკვების ნაკლებობა. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, იყო რამდენიმე „ადამიანის ზღვაში გადახტომის“ ინციდენტი.
აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ლინკოლნზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია „სრულიად დამახინჯებული იყო“. „ლინკოლნის“ ახლო აღმოსავლეთიდან გასვლის შემდეგ რეგიონში კიდევ ერთი ავიამზიდი – „ჯორჯ ვაშინგტონი“ ჩავიდა.