ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები შესაძლოა დიზელის საწვავის გლობალურ დეფიციტში გადაიზარდოს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs ანალიტიკურ ანგარიშში მიუთითებს, რომელსაც Bloomberg ავრცელებს.
ბანკის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე გახშირებულმა თავდასხმებმა ისედაც შეზღუდული გადამუშავების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეამცირა. შედეგად, ნავთობპროდუქტების წარმოებიდან მიღებული მარჟები რეკორდულ დონეზე გაიზარდა, ზრდის მთავარი მამოძრავებელი კი დიზელის საწვავია.
Goldman Sachs-მა დიზელის წარმოებიდან მოსალოდნელი მოგების პროგნოზიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ბანკის ახალი შეფასებით, 2027 წელს Brent-ის ფასთან შედარებით დიზელის ერთი ბარელის გადამუშავებიდან მიღებული საშუალო მოგება აშშ-ში $63-ს, ევროკავშირში კი $49-ს მიაღწევს. წინა პროგნოზები შესაბამისად $27 და $19 იყო
ანალიტიკოსების განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაჩერების მასშტაბი სეზონურ საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება. ამავდროულად, ნავთობპროდუქტების მარაგები მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა გარკვეულწილად შემცირებულია.
Goldman Sachs-ის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობის ექსპორტმა ომამდე არსებული მოცულობის დაახლოებით 70-80% აღადგინა. თუმცა ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობა გაცილებით უფრო შეზღუდული რჩება და ომამდელი დონის მხოლოდ დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
ბანკის განცხადებით, გლობალური გადამამუშავებელი სექტორის სრულფასოვანი აღდგენა საერთაშორისო მასშტაბით გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებულ რისკებზე მანამდე ყურადღება გაამახვილა Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვაელ საუანმაც. მისი შეფასებით, ბაზარზე ერთდროულად მოქმედებს სამი ძირითადი ფაქტორი: რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, სპარსეთის ყურეში ნაოსნობისთვის შექმნილი საფრთხეები და ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში.
TotalEnergies-ის ხელმძღვანელის, პატრიკ პუიანეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის გარკვეული მოცულობები ჰორმუზის სრუტის გავლით კვლავ გადის, სრუტიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება.
ამ ფონზე, 31 აგვისტოს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით $91.1-ის ფარგლებში შენარჩუნდა. ფასებზე გავლენას ახდენს აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებიც.