ახალმა კრიპტოპლატფორმა World Liberty Financial-მა (WLF), რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან წილს ფლობს, ტოკენების სტრატეგიული რეზერვის შექმნა გამოაცხადა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რეზერვი ბიტკოინის, ეთერიუმისა და „გლობალური ფინანსების რეფორმირების წინა პლანზე“ მყოფი სხვა კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად იქმნება.
World Liberty Financial აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაეშვა. ტრამპი და მისი აფილირებული პირები ჰოლდინგის აქციათა 60%-ს ფლობენ და შემოსავლის 75%-ზე, ასევე, 22,5 მლრდ ტოკენზე აქვთ უფლება.
ახალი რეზერვი WLF-ს საშუალებას მისცემს, ბაზრის ცვალებადობა შეამციროს, ინვესტიციები განახორციელოს დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროს ინოვაციურ პროექტებში და კარგად კაპიტალიზებული რეზერვი შექმნას. კომპანიამ, ასევე, განაცხადა, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან სტრატეგიულ პარტნიორობას შეეცდება, რომ WLF-ის რეზერვში ტოკენიზებული აქტივების შეტანას ხელი შეუწყოს.
WLF-ის გარდა, ტრამპის ოჯახი აქციათა საკონტროლო პაკეტს სოციალური მედიისა და სტრიმინგ-კომპანია Trump Media & Technology Group-ში ფლობს. 29 იანვარს კომპანიამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფინანსურ სერვისებზე გადასვლა გამოაცხადა.
ახლახან პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა ნიუ-იორკში, ონდოს სამიტზე განაცხადა, რომ WLF-ის მიზანი კრიპტოვალუტის სამყაროსა და საცალო ინვესტორებს შორის დისტანციის შემცირებაა. მან ხაზი გაუსვა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობას, რომელიც „კრიპტოვალუტებს აყვავების“ საშუალებას მისცემს.
დონალდ ტრამპ-უმცროსის შეფასებით, კრიპტოვალუტა „ფინანსებისა და ამერიკის ჰეგემონიის მომავალია.“