ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტური სისტემა, რომელშიც პლანეტები იმდენად უცნაურადაა განლაგებული, რომ მეცნიერული ახსნა ჭირს; მიუთითებს, რომ ეს შორეული პლანეტები წარმოიქმნა რაღაც ჩვენთვის ამჟამად უცნობი გზით.
მზის სისტემაში, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტები პატარა და კლდოვანია, ოთხი გარე პლანეტა კი გაზის გიგანტი.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ასეთი პლანეტური წყობა — ჯერ კლდოვანები და შემდეგ გაზის პლანეტები — ნორმა იყო მთელ სამყაროში.
თუმცა, ირმის ნახტომის სქელ დისკოში აღმოჩენილი ვარსკვლავი LHS 1903 საპირიზპიროზე მიუთითებს.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე სხვადასხვა ტელესკოპის მონაცემები და შენიშნა სამი პლანეტა წითელი ჯუჯას გარშემო — მზეზე უფრო გრილი და ნაკლებად კაშკაშა ვარსკვლავის.
ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს კლდოვანი პლანეტა იყო, შემდეგ კი მოდიოდა ორი გაზის გიგანტი. ესაა მიმდევრობა, რომელსაც ასტრონომები ისედაც ელოდნენ.
თუმცა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ეგზოპლანეტების შემსწავლელი კოსმოსური ტელესკოპის, CHEOPS-ის მონაცემების დეტალურად შესწავლის შემდეგ გამოვლინდა სისტემის გარე ნაწილში მდებარე მეოთხე პლანეტაც — ოღონდ, ის კლდოვანია.
„ანუ, ეს გახლავთ უკუღმა სისტემა, რომელშიც პლანეტური თანმიმდევრობა ასეთია: კლდოვანი-გაზოვანი და შემდეგ კვლავ კლდოვანი. როგორც წესი, კლდოვანი პლანეტები დედავარსკვლავისგან ასე შორს არ წარმოიქმნება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის პლანეტური ასტროფიზიკოსი თომას უილსონი.
როგორც წესი, ვარსკვლავების გარშემო შიდა პლანეტები პატარები და კლდოვანია, რადგან დედავარსკვლავის ძლიერი რადიაცია მათ კლდოვან ბირთვს გაზის უდიდეს ნაწილს აცლის.
თუმცა, სისტემის შორეულ, ცივ მისადგომებში, ბირთვის გარშემო შესაძლებელია სქელი ატმოსფეროს წარმოქმნა — ასე ჩნდებიან გაზის გიგანტი პლანეტები.
უცნაურმა პლანეტურმა სისტემა LHS 1903-მა ასტრონომთა ჯგუფი საგონებელში ჩააგდო და სცადეს გაერკვიათ, რა შეიძლება მომხდარიყო იქ.
რამდენიმე შესაძლებლობის გამორიცხვის შემდეგ, განიხილეს სცენარი — იქნებ ეს პლანეტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოიქმნა?
ყველაზე მიღებული თეორიის თანახმად, პლანეტები ერთდროულად წარმოიქმნება გაზისა და მტვრის უზარმაზარ რგოლში, რომელსაც პროტოპლანეტარული დისკო ეწოდება. ციცქნა მარცვლები ერთმანეთს ეკვრის, შემდეგ კი თოვლის გუნდასავით იზრდება და საბოლოოდ ყალიბდება პლანეტად.
თუმცა, იმ დროისათვის, როცა LHS 1903-ის გარშემო მეოთხე პლანეტა წარმოიქმნა, სისტემაში გაზის მარაგი შეიძლება უკვე ამოწურული იყო.
„დიახ, იქ პატარა, კლდოვანი პლანეტაა, რაც სრულიად მოულოდნელია. როგორც ჩანს, მივაგენით პირველ მტკიცებულებას პლანეტისა, რომელიც წარმოიქმნა ე. წ. გაზისგან დაცლილ გარემოში“, — ამბობს უილსონი.
1990-იანი წლებიდან დღემდე, მზის სისტემის მიღმა უკვე 6000-ზე მეტი პლანეტაა აღმოჩენილი — ანუ ეგზოპლანეტები.
„ისტორიულად, პლანეტების ფორმაციის თეორიები ეფუძნება იმას, რასაც მზის სისტემაში ვხედავთ და რაც მის შესახებ ვიცით. რაც უფრო მეტ განსხვავებულ ეგზოპლანეტურ სისტემას ვხედავთ, სულ უფრო აშკარა ხდება ამ თეორიების გადახედვის საჭიროება“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური მეცნიერი ისაბელ რებოლიდო.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია warwick.ac.uk-ისა და Agence France-Presse-ის მიხედვით.