ასტრონომებმა აღმოაჩინეს „ყინულივით ცივი დედამიწა“ — ცივი, მაგრამ სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი, დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 150 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტის ამ კანდიდატს HD-137010 b უწოდეს და სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტაზე ოდნავ, 1,2-ჯერ მასიურია. მისი წელიწადის ხანგრძლივობაც შეიძლება ჩვენის მსგავსი იყოს, რადგან როგორც ჩანს, თავისი ნარინჯისფერი ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 355 დღეს ანდომებს.

მისი წელიწადის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მკვლევართა ვარაუდით, 51 პროცენტია შანსი იმისა, რომ HD-137010 b მოქცეული იყოს თავისი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ ვარსკვლავიდან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელი იყოს თხევადი წყლის არსებობა.

პლანეტა გარს უვლის ვარსკვლავ HD-137010-ს — K-ტიპის ჯუჯას, რომლის ზომა და მასაც ჩვენი მზის 70 პროცენტია.

ეს უფრო გრილი, მკრთალი ჯუჯა გაცილებით დიდხანს იცოცხლებს, ვიდრე ჩვენი, G-ტიპის მზე, ვინაიდან ის გაცილებით ცოტა წყალბადს მოიხმარს. პატარა მასის გამო, HD-137010 მთავარი მიმდევრობის ფაზაში იმაზე დიდხანს დარჩება, ვიდრე სამყაროს ამჟამინდელი ასაკია.

საერთო ჯამში, HD-137010 საკმაოდ უნიკალური აღმოჩენაა.

„ეს პლანეტის პირველი კანდიდატია, რომელსაც დედამიწის მსგავსი რადიუსი და ორბიტული მახასიათებლები აქვს და გარს უვლის მზის მსგავს ვარსკვლავს, რის გამოც, მისი უკეთესად შესწავლა ნამდვილად ღირს“, — წერენ მკვლევრები.

დამატებითი დაკვირვებებია საჭირო, რათა დადასტურდეს HD-137010 b-ის პლანეტური სტატუსი, მაგრამ მკვლევრები ამბობენ, რომ თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ის ნამდვილად პლანეტაა.

მას NASA-ს ამჟამად „პენსიაზე გასული“ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში მიაგნეს — ასტრონომიაში პირველ სპეციალურად ეგზოპლანეტებზე მონადირე ინსტრუმენტის, რომელიც პლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებდა.

ტელესკოპები, რომლებიც ტრანზიტის მეთოდს იყენებენ, აკვირდებიან ვარსკვლავს და ეძებენ მცირე, პერიოდულ ჩაბნელებებს, რასაც იწვევს მათ გარშემო მოძრავი პლანეტები, როცა ისინი ჩვენსა და ვარსკვლავს შორის გაივლიან. მიღებული სილუეტის საფუძველზე შესაძლებელია ეგზოპლანეტის რადიუსისა და ორბიტული დეტალების გარკვევა.

HD-137010 b-ის ტრანზიტი ასტრონომებმა მხოლოდ ერთხელ ნახეს. ვინაიდან რამდენიმე ტრანზიტია საჭირო, რათა დადასტურდეს კანდიდატი ეგზოპლანეტის არსებობა, დედამიწის მსგავსი ორბიტის მქონე პლანეტები რამდენიმეწლიან დაკვირვებებს საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმისთვის ბევრი მიზეზი არსებობს.

„HD-137010 b-ის აღმოჩენა წარმოაჩენს მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ზომიერი და გრილი დედამიწის ზომის ეგზოპლანეტების ერთჯერადი ტრანზიტების აღმოჩენის შესაძლებლობას“, — წერენ მკვლევრები.

საჭირო იქნება სამომავლო დაკვირვებები ახალი თაობის ისეთი ობსერვატორიებით, როგორიცაა ევროპის კოსმოსური სააგენტოს PLATO, რადგან ასეთი პლანეტები დღევანდელი ხელსაწყოების დაკვირვების შესაძლებლობათა ზღვარზეა.

ამ ეტაპზე, არსებული ორბიტული და ვარსკვლავური დეტალები მიუთითებს, რომ HD-137010 b ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში უნდა იყოს. თუმცა, ვინაიდან ის იმის მესამედ ენერგიას იღებს, რასაც დედამიწა მზისგან, HD-137010 b-ზე ტემპერატურა შეიძლება -68 -85 გრადუსი ცელსიუსი იყოს, კიდევ უფრო ცივი, ვიდრე ჩვენი მეზობელი მარსია.

მიუხედავად ამისა, HD-137010 b-ს მაინც შეიძლება ჰქონდეს შემთხვევითი ატმოსფერული პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ წყლის არსებობას მის ზედაპირზე.

გამომდინარე იქიდან, რაც მკვლევრებმა იციან თავიანთ ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონაში მდებარე დედამიწის ზომის პლანეტათა შესახებ, ამბობენ, რომ „სრულიად შესაძლებელი ჩანს, CO2-ით საშუალოდ გამდიდრებული ატმოსფერო განაპირობებდეს ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებას“.

თუმცა, ვინაიდან HD-137010 b-ის არსებობა ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის, საკითხავია მისი დედამიწის მსგავსი მახასიათებლები. თუკი დედამიწის მსგავსად უხვად აქვს CO2, მაშინ ის შეიძლება „თოვლის გუნდა“ პლანეტა იყოს.

ამ სცენარით ვიღებთ მთლიანად გამყინვარებულ პლანეტას, რომელიც ძლიერ ამრეკლავია — ირეკლავს დაცემულ მზის სინათლეს, რაც კიდევ უფრო ამცირებს მისი ზედაპირის ტემპერატურას დაახლოებით -100 გრადუს ცელსიუსამდე.

HD-137010 b შეიძლება მარტო არ იყოს. შეიძლება იზოლირებული ჩანდეს, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი სხვა ეგზოპლანეტური სისტემები საპირისპიროს მეტყველებენ.

HD-137010 b-ის ორბიტის გარეთ ან შიგნით შეიძლება სხვა პლანეტებიც იყოს. უფრო მეტიც, ასეთი სხეულები შეიძლება ეკუთვნოდნენ „მზის სისტემის მსგავს არქიტექტურას“ — მრავალი პლანეტით უფრო ვრცელ სასიცოცხლო ზონაში და უფრო შორს ასევე ჰყავდეთ იუპიტერის ზომის წევრიც.

საინტერესოა, შეიძლება თუ არა ეს პლანეტა იყოს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი? გაყინული პლანეტა შეიძლება არ იყოს ხელსაყრელი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თავად დედამიწაც მრავალჯერ იყო თოვლის გუნდის ფაზაში თავისი არსებობის 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი