ეგზოპლანეტების ერა 1992 წელს დაიწყო, როცა ასტრონომებმა პულსარის გარშემო მოძრავი ორი პლანეტა აღმოაჩინეს. უკვე 1995 წელს, მათ მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო დააფიქსირეს ეგზოპლანეტა. NASA-ს კეპლერისა და TESS-ის მისიების წყალობით, დადასტურებულ ეგზოპლანეტათა რაოდენობა დღემდე იზრდება.
2015 წელს NASA-მ გვამცნო, რომ კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა მე-1000 ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. 2016 წელი ეგზოპლანეტების დაფიქსირების მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო — მხოლოდ ამ წელს თითქმის 1500 პლანეტა აღმოაჩინეს. 2022 წლის მარტში, ჯამურმა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია.
ამჯერად, NASA იუწყება, რომ უკვე დადასტურებულია 6000 პლანეტის აღმოჩენა.
6000 ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში დაახლოებით ასი მილიარდი პლანეტა შეიძლება არსებობდეს, რაოდენობა უმცირესია. თუმცა, ჩვენნაირი ახლადშექმნილი კოსმოსური ცივილიზაციისთვის ეს აღსანიშნავი რამ არის.
6000 პლანეტის პოვნის ფაქტი შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რთულია მათი დაფიქსირება. ჩვენსა და სხვა ვარსკვლავებს შორის უზარმაზარი მანძილია. საკუთარ ვარსკვლავთა სიკაშკაშეში მრავალი ეგზოპლანეტა იმალება, ანდაც ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ მათი დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუ ისტორიას, როგორც სახელმძღვანელოს ავიღებთ, აშკარაა, რომ ტექნოლოგიური წინსვლა უფრო მეტ პლანეტას გვაპოვნინებს, თუ არ მოხდა ცივილიზაციის კოლაფსი ან თუ მეცნიერება არ მივატოვეთ.
ცხადია, ეგზოპლანეტების მეცნიერება მხოლოდ ციფრებზე მეტია. ჩვენ მიერ აღმოჩენილ პლანეტათა მრავალფეროვნება სასიცოცხლო რამეებს გვასწავლის ბუნების, ჩვენი მზის სისტემისა და დედამიწის შესახებ. საინტერესოა, რომ აღმოჩენილ ეგზოპლანეტათაგან მრავალი, სრულიად არ ჰგავს მზის სისტემაში არსებულ პლანეტებს.
მათ შორის არის ცხელი იუპიტერები — მასიური გაზის გიგანტები, რომლებსაც საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთი შემოვლისთვის სულ რამდენიმე დღე სჭირდებათ; ულტრამოკლე პერიოდიანი პლანეტები, რომლებსაც ამისათვის რამდენიმე საათი ესაჭიროებათ.
პლანეტების ერთი უცნაური ტიპი იმდენად ახლოსაა თავიანთ ვარსკვლავებთან, რომ ისინი მასთან მიმართებაში მოქცევითად არიან ჩაკეტილი, როგორც მთვარე დედამიწასთან. ამ პლანეტებს აქვთ ერთი ჯოჯოხეთურად მწველი გვერდი (მუდმივად ვარსკვლავის მხარეს მოქცეული), მეორე კი გაყინული. ზოგიერთი კი შეიძლება იმდენად ცხელი იყოს, რომ დნებოდეს.