Adidas-მა ამერიკელი რეპერის ქანიე უესტის დიზაინით შექმნილი ფეხსაცმლის Yeezy-ს 4 მილიონი წყვილის შეკვეთა მიიღო, რაც თანხობრივად 508 მლნ ევროა ($565 მლნ). ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ამავე ცნობით, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში Yeezy-ს პირველ ონლაინ გაყიდვებში მოთხოვნამ კომპანიის ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზს გადააჭარბა.
Adidas-მა Yeezy-ის ფეხსაცმლის გაყიდვა გასული წლის ოქტომბერში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რეპერმა სოციალურ მედიასა და ინტერვიუებში ანტისემიტური კომენტარები გააკეთა.
ონლაინ გაყიდვების პირველ პარტიაზე ასეთი მოთხოვნა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიას დარჩენილი საქონლის ჩამოწერისგან გადაარჩენს. Yeezy-ს არარეალიზებული საქონლის ღირებულება 1 მლრდ ევროდ არის შეფასებული.
წყაროების თქმით, ონლაინ გაყიდვების პირველ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს Yeezy-ს 15 სხვადასხვა მოდელს სთავაზობს.
კომპანიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რამდენს გადასცემს ის საქველმოქმედო ორგანიზაციებს. პირველ ტურში შეირჩა ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაცია აშშ-სა და ჩინეთში. განიხილეს 8,5 მილიონ ევროზე მეტის შემოწირულება ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.