ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, „რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედიაორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
სასამართლომ საქმეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე“ საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა. „ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიცირებაც. აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ამ აქტით “რუსული კანონის” შენიღბვა სურს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები (Kobaliya and Others v. Russia, No. 39446/16 და 106 სხვა) (Ecodefence and Others v. Russia, Nos. 9988/13 და 60 სხვა) ნათლად ადასტურებს თუ როგორ გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონები ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად, რომელიც ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.
აღსანიშნავია, რომ საქმის გაგზავნის დღიდან „ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი გავასაჯაროვეთ, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მასზე სასამართლოს ხელმოწერა არ ჩანდა. საქმის რეგისტრაციის შემდეგ პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა სხვადასხვა პროცედურული საკითხით მანიპულირებით გააგრძელეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უმაღლესი თანამდებობის პირები დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას.
„რუსული კანონი” არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. რუსული კანონებისა და ცენზურის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.