2030 წლისთვის 575 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში იცხოვრებს, ხოლო 84 მლნ ბავშვი სკოლაში არ წავა, ამის შესახებ გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს მიღებული 17 ამბიციურ გეგმიდან, ათწლეულის ბოლოს, მხოლოდ 15%-ის მიღწევაა შესაძლებელი.
2030 წლისთვის გაეროს სურს მიაღწიოს ამბიციურ მიზნებს - შეამციროს შიმშილი მსოფლიოში, რომ არავინ დახარჯოს დღეში 2,15 დოლარზე ნაკლები საკვებზე, რადგან ეს უკიდურესი სიღარიბის ზღვარია; უზრუნველყოფილი იყოს ყველა ბავშვის ხარისხიანი განათლება და მიღწეული იყოს გენდერული თანასწორობა; ყველას ჰქონდეს წვდომა სუფთა წყალსა და მედიცინაზე და გააქტიურდეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.
გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნხუამ განაცხადა, რომ კონფლიქტებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში, კლიმატის ცვლილებამ, COVID-19 პანდემიის ხანგრძლივმა შედეგებმა, დამანგრეველი ფინანსური გავლენა იქონია ქვეყნებზე.
„2023 წლის მაისის მდგომარეობით, ომის, კონფლიქტის და ადამიანის უფლებების დარღვევის დამანგრეველმა შედეგებმა 110 მლნ ადამიანი გადაასახლა, მათგან 35 მლნ ლტოლვილი იყო, რაც ოდესმე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - თქვა ლი ჯუნჰუამ.
მონაცემების მიხედვით, 2030 წელს 575 მლნ ადამიანი კვლავ იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყნების მხოლოდ ერთი მესამედი შეძლებს სიღარიბის მაჩვენებლის განახევრებას. „მსოფლიო შიმშილის იმ დონეს დაუბრუნდა, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა; განათლებაში ინვესტიციები ახლა არ არის საკმარისი. დაახლოებით 84 მლნ ბავშვი 2030 წლისთვის უსკოლოდ, ხოლო კიდევ 300 მლნ წერა-კითხვისა და მათემატიკური უნარების გარეშე დარჩება“, - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.