დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა ბრძანება, რომლის თანახმადაც, მთავრობამ გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Biontech-თან ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის კიბოს საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა 10 ათას პაციენტზე ჩატარდება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს მიეცემათ უფრო მარტივი წვდომა კიბოს მკურნალობის უახლოეს კვლევებსა და შემუშავების პროცესში მყოფ მკურნალობის მეთოდებზე. 
ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ კვლევებს დიდ ბრიტანეთში, რათა პაციენტებს უახლესი მეთოდოლოგიით უმკურნალონ. საუბარია იმუნოთერაპიაზე, რომელიც იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს და ანადგურებს ახალ სიმსივნურ უჯრედებს.

მიზანია, 2030 წლისთვის 10 ათასამდე პაციენტს ჰქონდეს წვდომა პერსონალიზებულ მკურნალობაზე. 
განცხადების თანახმად, BioNTech-ი გეგმავს ახალი ლაბორატორიების შექმნას კემბრიჯში, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი იმუშავებს. ასევე შეიქმნება ახალი რეგიონული ცენტრი დიდ ბრიტანეთში, რომლის მიზანიც კვლევების ხელშეწყობა იქნება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის სტივ ბარკლაის განცხადებით, დაწყებული თანამშრომლობა არის დიდი ნაბიჯი კიბოსთან ბრძოლაში.

BioNTech-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა უღუნ შაჰინმა კი განაცხადა, რომ თუკი კვლევები წარმატებული იქნება, ეს გააუმჯობესებს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობას არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.