შვეიცარიაში, ახალგაზრდა მეწარმეთა ინსტიტუტის (IFJ) უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სამეწარმეო რეესტრში 55 654 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.1%-იანი ზრდაა და რეკორდული მაჩვენებელია.
IFJ-ის მიერ შვეიცარიაში ბიზნესის შექმნის 2025 წლის ეროვნული ანალიზი აჩვენებს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2025 წელს დაფუძნებული კომპანიების რაოდენობა 34.7%-ით გაიზარდა.
2024-2025 წლებში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციების რაოდენობა 20 კანტონში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ცუგში (+19.0%), აპენცელ-ინეროდენსა (+17.1%) და ობვალდენში (+16.9%). ამის საპირისპიროდ, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მკვეთრი კლება განიცადეს ურის (-13.5%), გლარუსისა (-8.5%) და აპენცელ-აუსეროდენის (-7.5%) კანტონებმა.
შვეიცარიელი მეწარმეებისთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორებია: ხელოსნობა/ტექნიკური საქმიანობა (2025 წელს შეიქმნა 5 829 ახალი კომპანია), საკონსულტაციო მომსახურება (5 733) და უძრავი ქონება (5 235). მათ მოსდევს მომსახურება ფიზიკური პირებისთვის (B2C) და ბიზნესებისთვის (B2B) (4 353), შემდეგ კი არქიტექტურა და ინჟინერია (4 284).
2025 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გაკოტრების ფაქტებმაც (14 958 შემთხვევა), რაც გამოწვეული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებით (11 915) ან ორგანიზაციული ხარვეზებით (3 043).
ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამ მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გაკოტრების შესახებ ფედერალურ კანონში შეტანილი ცვლილებაა. 2025 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლებრივი დავალიანებების ამოღება არა სააღსრულებო, არამედ გაკოტრების წარმოების გზით ხდება. ეს ახალი წესი სახელმწიფო უწყებების მიმართ დავალიანების მქონე კომპანიებსა და თვითდასაქმებულებს რეესტრიდან ამოღების რისკის წინაშე აყენებს. გარდა ამისა, ახალი ბიზნესების რაოდენობის ზრდა ბუნებრივად იწვევს გაკოტრების შემთხვევების მატებასაც, ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანამდევი რისკების გამო.