საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აპრილის შეფასების მიხედვით, 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.8% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუარესებული მაჩვენებელია. ამასთან, ინფლაციური წნეხი წინა წელთან შედარებით დაიკლებს და 2023 წელს 7%-ია მოსალოდნელი.
რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2023 წელს 3.9%-ს უტოლდება, ხოლო ინფლაცია კი 2023-ში 8.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
სსფ-ს აპრილის შეფასებით, 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 1.6% იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წელს 4.5%-ია პროგნოზირებული. 2023 წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის ტემპი მცირედ გაუმჯობესდა ევროზონაშიც. აღნიშნული განპირობებულია მიწოდების ჯაჭვების აღდგენით, ნავთობისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების შემცირებით და ინფლაციის კლებადი დინამიკით. შედეგად, სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები მცირედ გაუმჯობესდა.
მარტში, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა. სსფ-ის შეფასებით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროზონისთვის 0.8%-ია, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი - 5.3%.