11 თებერვალს ევროპარლამენტში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემის შესახებ კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროპარლამენტის პრეზიდენტზე, რობერტა მეცოლაზე დაყრდნობით წერს.
კენჭისყრა 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ სესიაზე იყო მოსალოდნელი, თუმცა უფრო ადრე ჩატარდება.
„პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, დელფინე კოლარდმა პლენარული სხდომის გახსნამდე.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები კიევისთვის გადამწყვეტია, რადგან სხვა შემთხვევაში უკრაინა აპრილში ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.
გავრცელებული ცნობით, სესხი უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.