1-ელი აგვისტოდან რუსეთში ციფრული რუბლის შესახებ კანონი ამოქმედდება და პირველი სატესტო ოპერაციები იმავე თვეში დაიწყება. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული.
ციფრული რუბლი გაიცემა ფულის არსებულ ფორმებთან ერთად. ნაღდ და უნაღდო თანხებთან ერთად ის ეროვნული ვალუტის მესამე ფორმა გახდება. ციფრული რუბლის შენახვა და მისით ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელი იქნება სპეციალურ პლატფორმაზე, რომლის ოპერატორიც რუსეთის ბანკი იქნება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცენტრალურმა ბანკმა მალე უნდა დაადგინოს ტარიფები ვალუტის ახალი ფორმით ოპერაციებისთვის და ის, თუ რა ვადებში მოუწევს რუსეთის ბანკებს მათი მომსახურების დაწყება.