2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა +75.9 %-ს შეადგენს. 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +59.6%-ს შეადგენს.
ბოლო თვეების ოფიციალური მონაცემები ტურიზმის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ზაფხულის არასასურველ სტატისტიკაზე აქტიურად საუბრობენ. მათი თქმით, ზაფხულში სხვა პრობლემებთან ერთად მეზობელი ქვეყნის თურქეთის კონკურენციის გამკლავება რთული აღმოჩნდა, რადგან მათ ბევრი მიმზიდველი პაკეტი წარმოაჩინეს, რითაც გალფის ქვეყნებიდან წამოსული ტურისტები, რომლებიც ძირითადად საქართველოში მოგზაურობენ იქით გადაიბირეს. წელს აზერბაიჯანიც გააქტიურდა და ის რეგიონში დაბალი ფასებით იყო გამორჩეული. რაც შეეხება საბერძნეთს, როგორც სექტორის წარმომადგენლების უმეტესობა აცხადებს, წელს საქართველოს საზაფხულო კურორტებს ფასების კუთხით საბერძნეთმაც „აჯობა“.
როგორც ჰოტელიერმა და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს+“- ის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა,
„სტატისტიკურად მოგზაურები 2022 წელთან შედარებით უფრო მეტი შემოვიდა, მაგრამ მათი ქცევა არის რადიკალურად შეცვლილი. მაგალითად შარშან თუ ორგანიზებული ტურები უფრო მეტი შემოდიოდა, ახლა ძირითადად ინდივიდუალური მოგზაურები არიან.
ტურისტისთვის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ფაქტორი მაინც არის ფასი, ჩვენ კი წელს ზაფხულში კონკურენცია ვერ გავუწიეთ, საბერძნეთსაც კი, რადგან ბათუმში ყველაფერზე კატასტროფული ფასები იყო.
რაც შეეხება მოლოდინებს, ჩემი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა დამიდასტურებს, რომ წელს გაცილებით რთული მდგომარეობაა, გაცილებით მეტ ტურისტს ველოდით გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავით ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი ჩავდეთ, თუმცა ევროპული ბაზარი მაინც ვერ დავიბრუნეთ“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.
ჰოტელიერის თქმით, საქართველოს სჭირდება მძლავრი ბაზრები, ესენია ინდოეთი და ჩინეთი, მისივე თქმით აღნიშნულ ბაზრებს არ ახასიათებს სეზონურობა და მათი მოზიდვის შემთხვევაში ტურიზმის მაჩვენებელიც მოიმატებდა და ქვეყნის ბიუჯეტში ხარჯვით წილიც.