„თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში დაწესებული ჯარიმების მიუხედავად, კვლავ ხორციელდება ქალაქში უნებართვო მშენებლობები, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს დინამიკა არც მომდევნო წლებში შეიცვლება“, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების ხედვის საბოლოო ვარიანტში ვკითხულობთ.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ შესაძლოა, უნებართვო მშენებლობების დინამიკა სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც უარყოფითად აისახება ბორჯომის ისტორიულ-არქიტექტურულ იერსახეზე.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მცირეა დემონტაჟზე გაცემული ბრძანებების რიცხვი და თანაც ამ დრომდე არცერთი არ განხორციელებულა, სამომავლოდ, შესაძლოა გაჩნდეს საშიშროება ქალაქის ფარგლებში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით.

ამ კონკრეტულს კი შესაძლოა, სამომავლო პერსპექტივაში მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებაზე“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. დოკუმენტი ბორჯომის განვითარების 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება.