საქართველოს ავიაბაზარს ორი ბრიტანული კომპანია შეემატა. 2025 წლიდან ოპერირებას ავიაკომპანიები ,,easyJet’’ და „British Airways’’ დაიწყებენ. წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქვეყანაში ხარჯვით უნარიანი, ევროპელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს. სიახლე სექტორის დღის წესრიგში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას აყენებს. რა შესაძლებლობები და გამოწვევები ექმნება ქვეყანას ბრიტანული ავიაკომპანიების შემოსვლით? და რა რეაგირება უნდა მოახდინოს ტურისტულმა სექტორმა ამ მნიშვნელოვან დადებით სიახელზე? საკითხზე ,,კომერსანტის დილის’’ ეთერში ისაუბრეს.

გადაცემის სტუმარმა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პირდაპირი ფრენების რაოდენობისა და არეალის გაზრდით, ქვეყანაში უფრო მეტი ევროპელი და მაღალბიუჯეტიანი ტურისტი შემოვა. თუმცა მათ გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება სურთ. ტურისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი საჭიროა გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც სექტორის განვითარებაში სახელმწიფო სრულად იქნება ჩართული.

,,რაც უფრო მეტი პირდაპირი ფრენები გვექნება ევროპასთან თუ ამერიკასთან ეს მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტს, რომელიც მხარჯველუნარიანია და ქვეყანაში დოვლათი შემოაქვს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთიდან ტურისტების მიღება ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ დადებითს მოიტანს. ის ნაბიჯები, რომლებსაც ტურიზმის დეპარტამენტი დგამს ძალიან, ძალიან დადებითია სექტორის განვითარებისთვის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გეგმა არსებობდეს. ასეთი ნაბიჯების გადადგმა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელმწიფო სტრუქტურის თემა. ასე ვთქვათ, გენერალური გეგმა უნდა არსებობდეს სფეროს განვითარებისთვის. ეს ეხება საწოლების გამრავლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა აქტივობებს. გაწერილი უნდა იყოს, თუ რა მიზნებისკენ მივდივართ და როგორ მივდივართ, რათა ეს ქაოსური არ იყოს.’’- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ბრიტანელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მარკეტინგული კამპანიების განხორციელებას გეგმავს. შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მარკეტინგული კამპანიები აუცილებელია, თუმცა ის სწორად უნდა დაიგეგმოს და ტურისტებს ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოთ, რათა მათ იცოდნენ რა დახვდებათ საქართველოში ვიზიტის დროს.

,,ყველა მარკეტინგულმა კამპანიამ შეიძლება ვერ გამოიღოს 100%-იანი შედეგი და მოლოდინი არ გამართლდეს. მაგრამ ეს ნაბიჯები აუცილებელია და მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენისთვის. ჩვენი ქვეყანა ტურისტული ქვეყანაა და შესაბამისად უნდა ჩამოვიდეს აქ ადამიანი. მაგრამ, რატომ უნდა ჩამოვიდეს? რა არის აქ მიზიდულობის ძალა?- ეს უკვე მეორეა. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო არის გასტრო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება. რას გულისხმობს გასტროტურიზმი და რა დახვდება აქ ჩამოსულ ტურისტს? ვიზიტორმა უნდა იცოდეს, თუ რა მიმართულებებია ქვეყანაში. რა შესაძლებლობებია გასტროტურიზმის მიმართულებით. ამიტომ ის ნაბიჯები, რასაც ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი დგამს მისასალმებელია, ძალიან კარგია, მაგრამ ეს სწრაფი განვითარებისთვის საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, თუ ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანა იყოს ტურისტული მიმართულება.’’- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რა სურთ ბრიტანელ ტურისტებს? როგორ არჩევენ ისინი სასურველ ლოკაციას დასასვენებლად? და რა მოთხოვნები აქვთ?- ,,კომერსანტის დილის“ ეთერში ამ საკითხებზეც ისაუბრეს.

,,ჩვენ უნდა გავმიჯნოთ მოგზაური და დამსვენებელი ტურისტი. დამსვენებელი მიდის კურორტზე. მას დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და პირობები უნდა დახვდეს. ბრიტანელები ხშირ შემთხვევაში ყოფილი იმპერიის სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობენ, როგორ ევროპაში ისე ევროპის გარეთ და მიჩვეულები არიან შესაბამის მომსახურებას. ისინი ცოტა ხმაურიანი ტურისტები არიან. აქტიური დასვენების მომხრეები არიან. მეორე ნაწილია მოგზაურები, რომლებიც ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოდიან. გასტრო მიმართულებით ბრიტანელები საკმაო ინტერესით გამოირჩევიან. ზუსტად ამ მიმართულებით არის ჩასატარებელი მარკეტინგული კამპანიები, რათა გამოვიყენოთ რაც გაგვაჩნია და რითაც შეგვიძლია დავაინტერესოთ ტურისტი.’’- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირმა ფრენებმა რეგიონის მიმართ ინტერესი გაზარდა. ამას მოწმობს სტატისტიკაც. საქართველოში ყველაზე ხშირად მონახულებულ ტურისტულ დესტინაციებს შორის პირველ ადგილზე სათაფლიის მღვიმეა. ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ყველაფერი სწორად განვითარდა შესაძლოა ბრიტანეთმა ქართველ ტურისტებზე ვიზების მიწოდება დაიწყოს და ქვეყნიდანაც ტურისტები უფრო მარტივად გავიდნენ ბრიტანეთში.

ბრიტანელები მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არიან, რომლებსაც მაღალი მომსახურების სტანდარტები აქვთ. სწორედ ამიტომ შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. მისივე თქმით, თუ დახვეწის პროცესში სახელმწიფო არ ჩაერთვება და ამას კერძო სექტორი თავისი ძალებით გააკეთებს, პროგრესს მეტი დრო დასჭირდება.

,,რუსი ტურისტის მოთხოვნები შეუსაბამოა განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ სჭირდება საქართველოს მაღალმხარჯველუნარიანი ევროპელი ტურისტი, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან აგურს დებს.’’- განაცხადა კომერსანტის დილაში შოთა ბურჯანაძემ.

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ,,EasyJet” 2025 წლის აპრილიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონის და მილანის მიმართულებით დაიწყება.  

ავიაკომპანია ,,British Airways“-ი პირდაპირ ფრენებს ლონდონსა და თბილისს შორის, კვირაში ოთხი სიხშირით განახორციელებს. ,,British Airways''-მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ.