„წლევანდელი ტურისტების ნაკადი შეგვიძლია 2015 წელს შევადაროთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურისტული კომპანია Georgian Holiday-ის ხელმძღვანელმა მანანა ცირამუამ უთხრა.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული მაჩვენებლებისა, რომ პროცენტულად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, რეალური მაჩვენებლები მხოლოდ 2015 წლის მსგავსია.
„აქ ვგულისხმობ, რომ ეს არ არის პანდემიური წელი როდესაც საერთოდ არ იყო ტურისტი, ეს არ არის არც პანდემიის შემდგომი პერიოდი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ 300%-ით არის გაზრდილი ანუ თუ 0-დან 3 კაცი შემოვიდოდა ქვეყანაში ეს 300%-იანი ზრდა იყო. ახლა ზუსტად არის ისეთი მდგომარეობა როგორიც იყო 2015 წელს, ყოველ შემთხვევაში ჩემი კომპანიის მაგალითზე ასე ჩანს. თუ შედარება გვინდა სტატისტიკის, ეს არ არის არც 2016, არც 2017 და არც 2019 წელი, როცა შედარებით ზრდა დაფიქსირდა, ეს არის სწორედ რომ 2015 წლის მსგავსი“, - ამბობს მანანა ცირამუა.
მისი თქმით, თითქმის არ შეცვლილა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ტურისტები შემოდიან, ასეთი ქვეყნები არიან როგორც აზიის, ასევე ავსტრალიის, ევროპის, ისრაელის წარმომადგენლები, ფაქტობრივად კონტინგენტი არ შეცვლილა და არც ახალი განსხვავებული ქვეყნებიდან გაზრდილა ვიზიტორების ნაკადი. თუმცა მიუხედავად არც თუ ისე სახარბიელო ვითარებისა, ტუროპერატორი იმედოვნებს, რომ საქართველოს ცნობადობის ზრდის პარალელურად ტურიზმი უფრო და უფრო პოპულარული გახდება.
აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა.