ევროპელი ტურისტების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მზარდია. მიმდინარე წლის 6 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) თითქმის 202 ათასი ვიზიტი შედგა, რაც შარშანდელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. ამასთან ევროპელი ტურისტების რაოდენობას აზიელი ქვეყნებიდან ვიზიტორებმა გადააჭარბეს.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა აღნიშნული მაჩვენებელი. საკითხზე ჩვენ ტურისტულ ექსპერტს ვესაუბრეთ. ვიკა შარიას აცხადებს, რომ ევროპელ ტურისტებში საქართველოს ცნობადობა ძალიან დაბალია. იმდენად დაბალი, რომ ბევრმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც კი არ იცის. ევროპელი ვიზიტორების ნაკლებობის გამომწვევი მეორე მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა.

,,სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ვითარებიდან და ზოგადად ფონიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც გადის ქვეყნის გარეთ, რასაც აშუქებენ ევროპის ქვეყნებში მასმედიის არხები ძალიან უარყოფითად აისახება საქართველოზე. ეს მთავარი მიზეზია. ახლა ვიყავი ბელგიაში. შევხვდით ბენილუქსის ქვეყნებიდან ბაერებს და პოტენციურ მომხმარებლებს, კლიენტებს. ძალიან დაბალი ცნობადობა არის საქართველოზე. შევხვდით 20 პოტენციურ პარტნიორსა და სააგენტოს. სულ რაღაც 2-მა თუ 3-მა იცოდა საქართველოს შესახებ. საქართველო ისევ არის არაცნობილი მიმართულება ევროპელი მომხმარებლისთვის. ზოგს ჰგონია, რომ ვესაზღვრებით უკრაინას და ჩვენთან ომის საშიშროებაა. ზოგს ჰგონია, რომ ისრაელს ვემიჯნებით. გეოგრაფიულადაც კი ვერ ერკვევა ხალხი.’’- აცხადებს ვიკა შარია.

ექსპერტი აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტები საქართველოში ვიზიტისგან თავს იკავებენ, რადგან ჩრდილოეთით ჩვენს ქვეყანას რუსეთი ესაზღვრება. მისივე თქმით, საქართველოს ევროპელ ტურისტებში არასტაბილური ქვეყნის იმიჯი აქვს.

,,ასევე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩრდილო მეზობელი არის რუსეთი. ესეც ძალიან არ მოსწონთ ევროპელებს. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ იმიტომ გვეშინია და ვფიქრობთ, რომ ბევრი რელოკანტია რუსეთიდან და უკრაინიდან, გვეშინია რამე შიდა კონფლიქტი არ მოხდესო. ძალიან არასტაბილური ქვეყნის იმიჯი გვაქვს ევროპულ ბაზარზე.’’- აცხადებს ვიკა შარია.

ტურისტული ექსპერტი საქართველოს შესახებ დაბალ ცნობადობას არასწორი მარკეტინგული კამპანიით ხსნის. ვიკა შარია მიიჩნევს, რომ ქუჩაში გამოფენილი ბანერები ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებული ვიდეო რგოლები სამიზნე აუდიტორიამდე ვერ აღწევს და ძვირად ღირებული კამპანიები უშედეგოა. 

,,იმ მარკეტინგულ კამპანიებს, რაც ევროპაში ტარდება, არანაირი აზრი არ აქვს. მიუნხენის ტროლეიბუსებში საქართველოს რეკლამაა განთავსებული. მძღოლის თავზე პატარა ეკრანი კიდია და იქ უჩვენებენ კლიპებს. ტრიალებს გერგეტის ტაძრის და თბილისის ფოტო. ვინ არის სამიზნე აუდიტორია? ვინ დადის მიუნხენის ტროლეიბუსით? დადიან რელოკანტი არაბი და თურქი ექსპატები და პენსიონერები. საერთოდ არ აინტერესებთ მათ საქართველო. ანალოგიურად ის ბანერები, ლამაზი ბუნებით პარიზში (რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი თანხებია გადახდილი) რას გვაძლევს? ტყე, მთა, ბარი, ტბა და მდინარე ყველა ქვეყანაშია. რა არის ამის მიღმა მესიჯი? ვინ ვართ? უსაფრთხო ქვეყანა ვართ? ღვინის სამშობლო ქვეყანა ვართ? ვისზე არის გათვლილი? ანუ ქუჩაზე მოსიარულე ადამიანზე გათვლილი მარკეტინგული და PR კამპანია მე არ მწამს.’’- აცხადებს ვიკა შარია.

ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჭიროა კამპანიის მიზნობრივი დაგეგმავ. ვიკა შარია ამბობს, რომ ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები უნდა ჩაერთონ, რათა მათ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ევროპული ქვეყნების კოლეგა უწყებებთან. 

,,ძალიან სოლიდური და სერიოზული აქტივობებია საჭირო. პირველ რიგში, ვიმუშავებდი საგარეო საქმეთა სამინისტროებთან იმ ქვეყნებში ვინც აწესებს მოგზაურებისთვის და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ქვეყნების რეიტინგს. საფრანგეთმა და პოლონეთმა გამოგვაცხადა არასასურველ დესტინაციად, სახიფათო დესტინაციად. ჩვენ რას ვპასუხობთ? მთა გვაქვს და ბორჯომის ტყე-პარკის ფოტოებს ვფენთ პარიზში. მგონი ძალიან აცდენილია ერთი მეორეს. უნდა ჩაერთონ საელჩოები. საჭიროა ცნობადობის ასამაღლებელი აქტიური კამპანიები. სხვანაირად არ გამოვა არაფერი. საჭიროა პირდაპირი კამპანიები. პირდაპირ სააგენტოებთან გასვლა არის საჭირო. ტროლეიბუსში პენსიონერი ბებოებისთვის და ბაბუებისთვის გამოფენილი ფოტოები ჩვენ არაფერს არ მოგვცემს.’’- აცხადებს ვიკა შარია.