„სვერის სათავაგადასავლო ბანაკი" სტუმრებს იმერეთში სრულიად განსხვავებულად და ახლებურად ამოგზაურებს. აქ მძაფრი შეგრძნებების და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების მიღება ერთდროულად არის შესაძლებელი ისეთი სათავგადასვლო ტურების მეშვეობით, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, მთის ველოტური, ლაშქრობა, ისტორიული ადგილების მონახულება, კანიონინგი, ადგილობრივი კულინარიული შედევრების გაცნობა და ასევე, რაც უნიკალურია - VIA FERRATA, კავკასიის რეგიონში პირველი ექსტრემალური ბილიკი.
ბანაკის შექმნის იდეა ორ მეგობარს, პროფესიონალ მეკლდეურ გუგა დაბრუნდაშვილს და მოყვარულ მეკლდეურ ლევან გოგოლაძეს 2019 წელს გაუჩნდათ, როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ სვერის კლდეები საცოცად საკმაოდ საინტერესო იყო. ამასთანავე, ირგვლივ ტურისტული პროდუქტების განვითარების დიდი დიაპაზონი იყო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო ადგილი თუ ისტორიული ძეგლი მდებარეობს.
„თვითონ ადგილია განსაკუთრებული და ამ ადგილმა მოგვცა ჩვენი საქმიანობის ინსპირაცია. აქ მოსული სტუმარი, თავადვე რწმუნდება ამ ბანაკის უნიკალურობაში, რადგან ერთი ლოკაციის ირგვლივ საოცრად ბევრი და საინტერესო ადგილი არის აღმოსაჩენი და ამ აღმოჩენებს თან ერთვის მძაფრი შეგრძნებები. ასეთი რამ საქართველოში საკმაოდ იშვიათია, " - გვიამბობს ლევან გოგოლაძე, ბანაკის თანადამფუძნებელი.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA- ს ფარგლებში, „სვერის სათავგადასავლო ბანაკმა" გამართული ფუნქციონირება დაიწყო. დონორების ხელშეწყობით სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ნივთების შეძენა განხორციელდა. დამონტაჟდა წყლის გამაცხელებელი სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორების რაოდენობის გაზრდას. მეწარმეებმა შეიძინეს რაფტინგის, კანიონგის და სპელეოტურებისთვის საჭირო წყლის (თერმო) ტანსაცმელები, რამაც ტურები უფრო სრულყოფილი გახადა. ასევე, პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა გლემფის კონსტრუქცია, მოეწყო პირველადი დახმარების სტენდი ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით და დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, ბანაკმა, დონორების მხარდაჭერით, მცირე დროში ცნობადობის გაზრდა მოახერხა და დღეს საქართველოში ტურიზმის ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტიკური ადგილია.