Tasteatlas-ის მსოფლიოს საუკეთესო სუბპროდუქტების კერძებში კუჭმაჭი, მუჟუჟი და ხაში მოხვდა. ათეულში მე-7 ადგილზეა კუჭმაჭი, მე-14-ზე - მუჟუჟი და 46-ზე - ხაში.
თითოეული კერძის დახასიათებისას, Tasteatlas-ი წერს, რომ ხაში შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა, მზადდება საქონლის ხორცის ნაწლავების, ფაშვის (კუჭი), კანჭის და სხვა სუბპროდუქტებით. ხაშის მომზადებისას იყენებენ სტაფილოს, ხახვს, ბულგარულ წიწაკას და სხვადასხვა მწვანილს. ბულიონის მომზადების შემდეგ, ქვაბში შეიძლება დავამატოთ რძე ან რძით დასველებული პურის ნაჭრები, მარილი, პილპილი და დაჭრილი ნიორი.
Tasteatlas იმასაც წერს, რომ ხაში მაშინ გამოიგონეს, როცა ღარიბებს მთელი თავისი ხორცი მდიდრებისთვის უნდა გადაეცათ და მათ მხოლოდ ორგანოები, თავი და ჩლიქები რჩებოდათ.
კულინარიული გზამკვლევი მუჟუჟის შესახებ წერს, რომ ის ღორის სუბპროდუქტებისგან (კუდი, ყურები და ფეხები) მზადდება. ისინი შეზავებულია ძმართან, ბოსტნეულთან და სანელებლებთან - ხახვთან, სტაფილოსთან, ნიორთან, დარიჩინთან, დაფნის ფოთოლთან და წიწაკის მარცვლებთან.
რაც შეეხება კუჭმაჭს, Tasteatlas წერს, რომ ის თირკმელებით, ღვიძლით, ფილტვებით, ელენთით და ქათმის, ღორისა და საქონლის ხორცით მზადდება. მას კმაზავენ კარაქთან, ხახვთან, ნიორთან და სანელებლებთან ერთად. კერძს ჩვეულებრივ ცხლად მიირთმევენ და ზემოდან ბროწეულის მარცვლებით აფორმებენ.