სწორი განვითარების პირობებში, 2-3 წელში საქართველო რუკაზე აღმოცენდება, როგორც საინტერესო მიმართულება MICE ტურიზმის კუთხით, - ამის შესახებ საქმიანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ირმა კოდუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, MICE ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ქვეყანაში სტაბილური გარემო და ინფრასტრუქტურული პროდუქტების განვითარებაა.
"MICE ტურიზმი საკმაოდ შემოსავლიანია და ეხმარება არა მხოლოდ სასტუმროების დატვირთვას, არამედ მთლიან ინფრასტრუქტურას მოიცავს, მათ შორის, როგორიც არის რესტორნები, სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ შემეცნებითი ობიექტები. ჩამოსული სტუმარიც საკმაოდ მაღალმხარჯველუნარიანია. ქვეყანაში განვითარებული ნებისმიერი მოვლენა სწრაფად აისახება ტენდენციებზე. ამ ეტაპზე, ბოლო სამი წელია საკმაოდ შემცირებულია ტენდენცია და ვერ ვიტყვით, რომ ციფრები მზარდია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას პოტენციალი ნამდვილად აქვს. შედარებისთვის სამოგზაურო ტურიზმის ბიუჯეტი ერთ მოქალაქეზე 300-დან 500-დოლარამდე, ხოლო თუ საქმიან ტურისტზე გვაქვს საუბარი, აქ ბიუჯეტი 500-დან 1500 დოლარამდე შეიძლება იყოს.
პანდემიამდელ პერიოდში საკმაოდ კარგი ზრდა გვქონდა. იმ მაჩვენებლებს, რომ დავუბრუნდეთ პირველ რიგში სტაბილური გარემო, ინფრასტრუქტურული პროდუქტების და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების განვითარება გვჭირდება, რაც პანდემიამდე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკონვენციო ცენტრის არსებობდა. ჩვენ გვაქვს "ექსპო ჯორჯია", თუმცა მინიმუმ 2000 კაცს, რომ მოემსახურება მსგავსი ტიპის საკონვენციო ცენტრი თუ გვექნება, საქართველო საკმაოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს", - აცხადებს ირმა კოდუა.