„უსაფრთხო ტურიზმი საქართველოში“ - ამ სლოგანით ქვეყანაში ახალი კამპანია ერთი თვის წინ დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც, როგორც საერთაშორისო, ასევე - ადგილობრივი ტურისტებისთვის მოგზაურობა არის უსაფრთხო.
თუმცა, რაჭაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა დაგვიანებულმა ნაბიჯებმა და პრევენციული ზომების არარსებობამ, ტურისტული ადგილების უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახადა. „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სტიქიის დროს ქვეყნის მოუმზადებლობა გავლენას ევროპელი და ამერიკელი ტურისტების ნაკადზე მოახდენს, თუმცა მნიშვნელობა არ ექნება რუსებისთვის, ვისთვისაც უსაფრთხოება სულერთია.
„სტიქიური უბედურებების შემდეგ ზომების დროულად არ მიღება და პრევენციული ზომების არარსებობა, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს ტურისტების ნაკადზე, განსაკუთრებით მათზე, ვისთვისაც უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და ყველამ გაიგო თუ რა მოხდა აქ და რა ნაბიჯები გადავდგით.
თუმცა არც აქამდე გვქონდა კარგად საქმე, ზოგადად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი იმიჯი აქვს ქვეყანას, თუნდაც უმცირესობების უფლებების დარღვევის კუთხით, ასევე აეროპორტშიც კი საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნიან ყველას, რა თქმა უნდა, რუსების გარდა. მართალია ჯერჯერობით ევროპელებს და ამერიკელებს ვერ უბედავენ, მაგრამ ვისაც უვიზო რეჟიმი აქვს საქართველოსთან, აეროპორტებში საკმაოდ უხეშად ეპყრობიან. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რუსეთზე დამოკიდებული, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც უსაფრთხოებას, არც სამაშველო ვერტმფრენის ყოლას და არც სახელმწიფოს დროულ რეაგირებას. ყველაფერი გამიზნულად კეთდება, რომ ქვეყანა გადაიქცეს რუსეთის გუბერნიად.
რაც შეეხება კონკრეტულად სტიქიის დროს ქვეყნის მოუმზადებლობას, ეს გავლენას ევროპელი და ამერიკელი ტურისტების ნაკადზე ნამდვილად მოახდენს, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რუსებზე, ვისთვისაც უსაფრთხოება სულერთია“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.